მანანა კობახიძე: პენსია წინასაარჩევნოდ არ გაგვიზრდია

"ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის საარჩევნო პროგრამის სოციალური მიმართულების ძირითადი ნაწილი შეასრულა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „აიპრესთან“ განაცხადა. 

ის არ იზიარებს პოზიციას, თითქოს დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები ვერ შესრულდა და ვერ შემცირდა ეკონომიკური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები.

„აიპრესი“ მანანა კობახიძეს "ქართული ოცნების" 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე ესაუბრა. 

– 2012 წლის "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას გადავხედე. მინდა ამ პროგრამის ერთ ნაწილზე – სოციალურ საკითხებზე გესაუბროთ. პროგრამაში გიწერიათ, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოგვარდება დასაქმების პრობლემა, გადაიჭრება დემოგრაფიის საკითხი. ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ეს დაპირებები შეასრულა?

– საუბარს დემოგრაფიის პრობლემაზე საუბრით დავიწყებ. ამ დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. პარლამენტმა დემოგრაფიის სტრატეგია შეიმუშავა. იმ რეგიონებშ,ი სადაც შობადობის კლებაა, 2014 წლის 1 ივნისიდან მაღამთიან რეგიონებში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე, ორი წლამდე 200 ლარიანი დახმარება, ბარში კი 150 ლარიანი დავაწესეთ. 2016 წლის იანვრიდან კი უკვე პირველ და მეორე ბავშვზეც გაიცემა 100 ლარიანი დახმარებები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საკითხი მთლიანად იგნორირებული ჰქონდა.

მნიშვნელოვანია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის" მიღება , რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაიზრდება პენსია. გარდა ამისა, იქნება მთელი რიგი საგადასახადო თუ სოციალური შეღავათები. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა შესაძლებელი. მართალია მეოთხე წელს, მაგრამ ჩვენ ეს მაინც მოვახერხეთ.

– რას იტყვით დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე?

– სტატისტიკის თანახმად, სამუშაო ადგილები გაზრდილია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოსთან, ვინაიდან სამუშაო ადგილს ბიზნესი ქმნის. მთავრობამ ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა წამოიწყო. იგივე "სტარტაპი", "ინოვაციური პროექტების დაფინანსება", "აწარმოე საქართველოში", "დაგეგმე მომავალი"…

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრილია, მაგრამ მთავარია, რომ სწორი პოლიტიკა წარიმართა და დღეს ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია. ეს ჩემი განცხადება არაა, ეს ბიზნესმენთა პოზიციაა.

– თუმცა, ბიზნესმენებისგან სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც არ გვესმოდა, რომ მათ ავიწროებდნენ… მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყეს ამაზე აქტიურად საუბარი…

– ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრობდით? რამდენი ბიზნესმენი ჰყავდათ დაპატიმრებული?! ახლა, უცებ ანზორ ქოქოლაძე გამახსენდა… დამისახელეთ ერთი შემთხვევა, სადაც ბიზნესმენები ისაუბრებენ, რომ ბიზნესზე რაიმე ტიპის ზეწოლა ან ტერორი ხორციელდება. თუ ვინმე გადასახადს მალავს, ბუნებრივია, მათ პასუხი მკაცრად მოეთხოვებათ.

– 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში ასევე გეწერათ, რომ თქვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული შემცირდებოდა, თუმცა ერთი ვერსიით ოჯახური ძალადობის ფაქტები და ზოგადად ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში დამძიმდა…

– ეს ასე არ არის. ეს „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციაა. სამწუხაროდ, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება. მათ შორის ძალიან მძიმეც. სახელმწიფო არ არსებობს დანაშაულის გარეშე. განვითარებულ ქვეყნებში, ზოგჯერ პრობლემა თვითმკვლელობებისმაღალი რიცხვია.

– ანუ, მიგაჩნიათ, რომ კრიმინოგენური ვითარება და ეკონომიკური მდგომარეობა კავშირში არაა?

– მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ შესაძლოა, ადამიანს დანაშაულისკენ უბიძგოს. ეს მაპროვოცირებელი ფაქტორია, მაგრამ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სტატისტიკით ვისმჯელოთ. მოიპოვეთ ინფორმაცია, რამდენი ქურდობა იყო 2012 წლამდე და რამდენია ახლა. ქვეყანაში 30 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი გვყავდა. თუ ეს ადამიანები დანაშაულს არ ჩადიოდნენ, მაშინ რატომ იხდიდნენ სასჯელს?!

რაც მთავარია დღეს ბიუჯეტი ეკონომიკური დანაშაულების ჩადენის ხარჯზე აღარ ივსება. იმიტომ რომ კანონმდებლობა შეიცვალა და აღარ ხდება საპროცესო გარიგებების დადება მსჯარალდებულისგან მაქსიმალური ოდენობის ჯარიმის გადახდევინების მიზნით და ადამიანებს აღარ უწევთ სახლ-კარის გაყიდვა.

– კომუნალურ გადასახადებზეც უნდა გკითხოთ. იგეგმებოდა მისი მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. პირიქით, ელექტროენერგია თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში რამდენიმე თეთრითაც კი გაძვირდა. ამაზე რას იტყვით?

– ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, როგორც გაზის ისე დენის გადასახადი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა იმ ფარგლებში რისი შესაძლებლობაც იყო. ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია, როგორც გაზის ასევე ნავთობპროდუქტების იმპორტზე. იცით, რა სავალუტო კრიზისიც დაგვატყდა თავს.ოპონენტები ყველაფერში გვადანაშაულებენ. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მთელ რეგიონში მოხდა ეროვნული ვალუტის დაცემა. ეს მოხდა უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ასევე ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერ თურქეთშიც. რაც აისახებოდა იმპორტირებულ ნებისმიერ პროდუქტზე, მათ შორის ენერგომატარებლებზეც.

– საზოგადოებას ისიც ახსოვს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება სებ-ის მაშინდელ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ბრალდებოდა…

– ეროვნული ბანკს, რომ გარკვეული მანიპულაციების შესაძლებლობა ჰქონდა ეს ცხადია, ვინაიდან ამის ბერკეტი ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პირდაპირ ხელდასმულ ქადაგიძეს. თუმცა მე ამ დარგის უშუალო სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ დებატებში შესვლისგან თავს შევიკავებ.

– ასაკობრივი პენსია 1 ივლისიდან 20 ლარით გაიზარდა და 180 ლარი გახდა, მაშინ როდესაც "საქსტატის" მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 164.2 ლარია. პენსიის გაზრდამდე მისი რაოდენობა საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო… აქაც თქვენს საარჩევნო დაპირებაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, პროგრამაში გეწერათ რომ "ნაციონალური მოძრაობა" პენსიებს საარჩევნო წელს ზრდიდა. ასე გააკეთეთ თქვენც. გაიმეორეთ "ნაციონალური მოძრაობის" დანერგილი პრაქტიკა?

– ჩვენ ასე არ გაგვიკეთებია. ჩვენ პენსიას მართალია მცირედით, მაგრამ ეთაპობტივად ვზრდიდით, არჩევნები კი თითქმის ყოველ წელს გვქონდა ამ ქვეყანაში.

– თუმცა, საეჭვოდ გაზარდეთ პენსია – არჩევნებამდე 2 თვით ადრე…

– არ ვფიქრობ, რომ პენსიის გაზრდა დაკავშირებულია არჩევნებთან. არჩევნები გვქონდა 2013 და 2014 წელსაც და პენსიის ზრდა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რასაც პენსიას ვეძახით, ეს ხომ რეალურად პენსიაც არ არის. ვინაიდან ის არ ასახავს ადამიანების შრომით წარსულს: სტაჟს, დამსახურებას. ეს უფრო ფულადი დახმარებაა. სამწუხაროა, რომ საპენსიო რეფორმა ჯერ ვერ განვახორციელეთ. ეს პრობლემა ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დაძლია, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ რეფორმას აუცილებლად გავატარებთ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად