მამუკა მდინარაძე: ვეტო სჭირდება პრეზიდენტს და არა ჩვენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ახლა ჯერი პრეზიდენტზეა.

რაც შეეხება, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადებას, მდინარაძის თქმით, "ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა".

"ჩვენ მივეცით შანსი და შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება, რითაც კონსტრუქციულ წვლილს შეიტანდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ბოლომდე შესრულებაში. მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს კონსტიტუცია საათებს ვერ უძლებს და თითქოს ჩვენ ვითხოვთ მისგან კონსტიტუციაზე ვეტოს დადებას. აღნიშნული რეაქცია და საკითხის ასე შემოტრილება რამდენად არის პოლიტიკური მორალის მატარებელი, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ვეტო სჭირდება პრეზიდენტს და არა ჩვენ, რადგან მისგან დამოუკიდებლადაც ვაპირებთ ამის გაკეთებას, უბრალოდ ეს შედარებით ხანგძლივი პროცესია. რაც შეეხება შეხვედრას, ვეტო არის პრეზიდენტის კომპეტენცია, შეხვედრაზე ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა", –განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს 117 ხმით დაამტკიცა, თუმცა როგორც ცნობილია, ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერდა პრეზიდენტი და ოპოზიცია. შესაბამისად, მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან აღნიშნულ პროექტზე ვეტოს დადებას მოელის.

კომენტარები
იტვირთება...