მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი

“ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ დროებითი საგამოძიებო კომისია. დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან”.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის – აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი. ვნახეთ, მათ უარი თქვეს, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე. ახლა გავრცელებული ცრუ ნარატივის ერთი პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ და თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულ ოცნებას“ კი არ მოუწოდოს, მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვეს.

როგორც პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღე გავიდა და ჯერაც არ არის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...