მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე:  პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ე. წ. გამოძიებამ არაერთხელ განიცადა კრახი

„ერთის მხრივ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტურად, თითოეულ დეტალში ჩაყოლით გამოიძიოს საქმე და დადგინდეს სიმართლე, დასასჯელი დაისაჯოს, ვიცოდეთ რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს და მეორე მხარეს არიან, სამწუხაროდ, პარტიული ტელევიზიები, რომელთა ინტერესია, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეს და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს და აღნიშნა, რომ ამ უდიდესი ტრაგედიით სპეკულირება და საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რბილად რომ ითქვას, ცუდი საქციელია.

„ერთი მხრივ, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც არგუმენტი არსებობს, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი. რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკ ინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ – ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.ექსპერტიზის დასკვნა: 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად