მამუკა მდინარაძე: ყველაზე ამორალური, რაც უნდა გააკეთოს ვა-ბანკზე წასულმა ოპოზიციამ, არის შოუების მოწყობა ტრაგედიებით

„ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლისთავზე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაუჩნდათ ილუზია, რომ შეიძლება მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა მათთვის კატასტროფული რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ ამის არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საკუთარი კვლევები, რომლის მიხედვითაც ისინი კატასტროფულად აგებენ ამ არჩევნებს.

„ახლა დარჩათ ის, რომ ან უნდა შეეგუონ ამ მარცხს, ამის მიუხედავად ილაპარაკონ საარჩევნო დაპირებებზე, გეგმებსა და მომავლის პერსპექტივებზე, პროაქტიულად წარმართონ ამ მიმართულებით კამპანია ან რაღაც გეგმა „ბ“ მოიფიქრონ და წავიდნენ ვა-ბანკზე. ფეიკებით ისედაც გაჯერებული იყო მათი ტელევიზიები და ამას ემატება ტრაგედიებით შოუს მოწყობა, რაც არის ყველაზე ამორალური. ცდილობენ ერთადერთი რაც დარჩენიათ, რომ იქნებ 1 %-იც რომ იყოს,შეძლონ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ იმგვარი, რომ ამან რეიტინგების მაჩვენებლები აბსოლუტურად საპირისპიროდ შეცვალოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამით შეურაცხყოფას აყენებენ ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მოწყვლადი არიან ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ადამიანებმა ზუსტად იციან სინამდვილეში რაც არის და სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ დაბალი რეიტინგები.

„როგორ წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში რამდენი ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება იყოს, რომელსაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდეს პრაქტიკულად არცერთი გაუხსნელი საქმე მკვლელობის? ასეთი არის თბილისი. 2017 წელს არცერთი გაუხსნელი საქმე არ არის, 2018 წელს მკვლელობის ყველა საქმე გახსნილია. 2 საქმეა, სადაც ერთი პრაქტიკულად გახსნილია და, უბრალოდ, დაკავება ვერ მოხერხდა სავარაუდო ბრალდებულის, რადგან სხვა ქვეყანაში იხდის სასჯელს, მეორეზე მიდის დღესაც გამოძიება (ირანის მოქალაქეზეა საუბარი). 2019 წელს მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს. 2020 წელს მიმდინარე საქმეების გარდა, ყველა საქმე გახსნილია“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 2012 წლამდე, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი იყო 300 000-მდე დანაშაული. 2013-დან 2019 წლამდე, როცა დანაშაული აღარ იმალებოდა, ამდენივე დანაშაული იყო, რადგან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა 15%-ზე მეტით.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ზუსტად იმ საფუძველზე დაარტყას „ქართულ ოცნებას“ რომელზეც დგას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად