მამუკა მდინარაძე: ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს

“ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და მოხდეს რევიზია”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციის რიტორიკა ისევ ისევ ისეთი რადიკალური იქნება, როგორიც აქამდე იყო და მათი პირობა ისევ ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი ზედმეტია.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ვერავინ ვერავის დაავალებს ნებისმიერი მოქმედების განხორციელებას, მაგრამ ყველამ უნდა გავარჩიოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი. თუ მათი რიტორიკა ისევ ისევ ისეთი რადიკალური იქნება, როგორიც აქამდე იყო და მათი პირობა ისევ ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთენ, პოზიტიური გაგებით, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან. თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულიტიმატუმის, ანუ, ყველაზე რადიკალური პოზიციის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ბევრ თემას შეეხნენ ისინი და ამ შემთხვევაში ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი, გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და მოხდეს რევიზია. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, პირადად მე მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადებები, რომელთა შესახებაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად