მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა უარი თქვა უკანასკნელ შანსზე

"ვენეციის კომისიამ თავისი საბოლოო გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვა პოლიტიკურ სპეკულაციებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ შექმნა პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია." – განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. 

 "რაც შეეხება ვეტოს საკითხს, თუ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პასუხი საბოლოოა, იურიდიულის გარდა, მათ ამ გადაწყვეტილებით, რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს: პრეზიდენტმა უარი თქვა ორ საკითხთან დაკავშირებული საყოველთაო კონსესუსის რეალიზებაზე, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება.

მეორე, პრეზიდენტი ორი საათის განმავლობაში ისმენდა უმრავლესობის წევრი და ამავდროულად ხუთი პარტიის ლიდერების სხვადასხვა მოსაზრებებს კონსტიტუციის მხარდაჭერის შესახებ, დღეს კი მისი წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კონსტიტუციის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. მესამე, მათ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია და ილაპარაკეს ოპოზიციის სახელით, – თუ მათ წინადადებებს დავთანხმდებოდით, მაგრამ გუნდის ნაწილი მხარს არ დაგვიჭერდა, შემოგვაშველებდნენ ოპოზიციის ხმებს.

მეოთხე, თავისი წინადადებით სცადეს ჩვენს გუნდში განხეთქილების შემოტანა, რაც ბუნებრივია არ გამოუვიდათ. და ბოლოს, პრეზიდენტმა უარი თქვა უკანასკნელ შანსზე პოზიტიური როლი ეთამაშა უკვე აღიარებულად წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ახალი და ძალიან კარგი, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება ქართული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი." – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...