მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ოპოზიციის ხელმოწერაც დაფიქსირდება

“შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი და ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ  ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდწილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით,  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს და დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

“ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველვყოთ ყველამ ერთად ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად