მამუკა მდინარაძე: ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში

“ქართული ოცნების” საპარლამენტო მდივანი, მამუკა მდინარაძე მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსი არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცეს, არამედ ის არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების პრობლემა.

„ჩვენ არაერთი ფაქტი ვიხილეთ, როდესაც ის ადამიანები, ვინც დღეს ჯანდაცვის სიტემის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორ აწყობდნენ თავყრილობებს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. გახსოვთ, ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება და მოწოდებაც იყო როგორც სპეციალისტების, ასევე ჩვენი მხრიდანაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, დღეს და ამ საკითხში, არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო, რასაც რიგ შემთხვევებში ვაწყდებით. დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევა უნდა შევძლოთ. ეს ვირუსი არ არის ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის საგნად იქცეს – ეს ვირუსი არის მთელი მსოფლიოს, ჩვენი ქვეყნის და მთელი საზოგადოების პრობლემა და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

აქვე, მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში. გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყრათ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დღეს, პირველ რიგში, ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის, მეზობლის, თანამემამულის და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაფრთხილებით, ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რიტმს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად