მამუკა მდინარაძე: ფასილიტატორი ელჩების განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა

„დღეს ჩვენ ვნახეთ ფასილიტატორი ელჩების განცხადება, სადაც ხელშეკრულების ხელმომწერ ყველა მხარეს მოუწოდებენ, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და შეასრულონ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები დღემდე უარს აცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასა და მხარდაჭერაზე. ელჩების ამ განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა“.

ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით, მკაფიოდ, ხაზგასმით დააფიქსირონ პოზიცია.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ელჩების ამ განცხადებასაც დააიგნორებს და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, პასუხი უნდა იყოს ცალსახა.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ მკაფიოდ, ხაზგასმით კონკრეტულად ამ კენჭისყრასთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და პასუხი გასცენ მთავარ კითხვას – იმ ელჩების მოწოდებას, რომლებიც ფასილიტაციას უწევდნენ მოლაპარაკებებს, ასრულებენ თუ არა. თუ ისინი ამ მოწოდებასაც დააიგნორებენ და მაინც არ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ამაზე პასუხი უნდა იყოს ცალსახა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რათა ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ იცოდნენ მათი გადაწყვეტილების შესახებ, უერთდებიან თუ არა ისინი 8 მარტის შეთანხმებას, ქართული დემოკრატიის განვითარებას ხმას აძლევენ თუ ამ შემთხვევაშიც, პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, მაინც არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას. ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. როდესაც 140-150 დეპუტატი განაცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, აქ რისკი დაყვანილია მინიმუმის მინიმუმამდე. ამ შემთხვევაში კი როდესაც მაქსიმუმ 117 ხმა გვაქვს დათვლილი, თეორიული რისკი მაინც არსებობს, რომელიც ასევე უნდა გამოვრიცხოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ასევე, შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად