მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, „ქართული ოცნების“ და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული.

ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები.

ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ.

მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ, ამაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად