მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველიც კი ხვდება, რომ მოატყუეს – „ნაცმოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენსაც ჩვენი ამომრჩეველი აბედინებს

„ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი უკვე ხვდება, რაში იყო საქმე, რომ მათ მოატყუეს. ამ ტრიბუნიდან ერთხელ ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენსაც ამას ჩვენი ამომრჩეველი აბედინებს.”

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის მონაცემებზეც.

„აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ადრე ასეთი რამ არ უკადრია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს მონაცემებს არ ემთხვეოდა უბრალოდ მათი მონაცემები. მეორე დღიდანვე, ჩვენი მხრიდან, ეს დასკვნა იქნა მხილებული, დროშიც დააგვიანეს, რაც ასევე უპრეცენდენტო იყო, რადგან იქ სინამდვილეში თურმე რაღაც სხვა ხდებოდა. ანუ, რასაც ლაპარაკობდნენ ცესკო-ზე, თურმე, იქით ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ „ISFED“-მა და მისმა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა, იკადრეს და გააყალბეს პარალელური დათვლის მონაცემები, რომელიც საქართველოს ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა. აი ამ კადრების შემდეგ, როდესაც მეორე-მესამე დღიდანვე ჩვენ მოვთხოვეთ მათ, რამენაირად გამოეჩინათ კეთილი ნება და რამე მონაცემი მაინც მოეცათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები, რადგან ეს მონაცემები იყო გაყალბებული. დარწმუნებული ვარ, არც ერთ გულუბრყვილო ადამიანს არც ამ დარბაზში, არც მედიასაშუალების წარმომადგენლებს და არც თქვენ, არ გჯერათ, რომ ფორმულა შეეშალათ. ერთი ჩემი კოლეგა ამ დარბაზში, პრივატულ საუბარში მიმტკიცებდა, რომ ისინიც დაინტერესდნენ ამ თემით და ეს იყო უბრალოდ შეცდომა. თუ ეს იყო შეცდომა, მე ვსვამ მარტივ კითხვას: როდესაც მე პირადად, არჩევნებიდან მესამე დღეს ჩავატარე ბრიფინგი და ამ შეცდომის შესახებ ვაუწყე „ISFED“-ის წარმომადგენლებს, ვუთხარი, ამის მიზეზებზე ესაუბრათ, მაშინ რატომ არ მოხდა მეორე დღესვე ასეთი მარტივი ტექნიკური შეცდომის გამოსწორება, რატომ მოხდა ეს ერთი თვის, თუ თვენახევრის შემდეგ. იმიტომ, რომ ეს იყო გამიზნული, ეს იყო დადგმული სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი, ეს იყო პოლიტიკური თაღლითობისა, თუ მავნებლობის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას უნდა გამოეხატა დიდი უნდობლობა არჩევნების მიმართ, აღშფოთებულიყვნენ და საბოლოო ჯამში, მაინც, გაგიკვირდებათ, ეს იყო ისევ მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიზანი. ეს იყო ერთიანი შეკრული გუნდი პოლიტიკური თაღლითობისთვის, საქართველოში სიტუაციის ასარევად, ესეც მარტივი და უაპელაციოდ გასაზიარებელი ისტორიაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან საგამოძიებო კომისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ბევრი გააკეთა, რათა საზოგადოებამდე რეალური, სწორი და ობიექტური ინფორმაცია მისულიყო.

„ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი უკვე ხვდება, რაში იყო საქმე, რომ მათ მოატყუეს. ამ ტრიბუნიდან ერთხელ ვთქვი, რომ „ნაცმოძრაობა“ ბედავს იმდენს, რამდენსაც ამას ჩვენი ამომრჩეველი აბედინებს. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, რამდენს აბედინებთო, მაგრამ ისინი ზუსტად იმდენს ბედავენ, ეკვივალენტში გადატანილს, რამდენი ადამიანიც მათ უჭერს მხარს და ეს ჯერ კიდევ საკმაო რაოდენობაა, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, დამეთანხმებით, არ არის ცოტა. არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, მაგრამ რამდენიმე ასეულ ათას ადამიანზე გვაქვს საუბარი. თქვენ სასტიკად კიდევ ერთხელ მოგატყუეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...