მამუკა მდინარაძე: “ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავების ფაქტს და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად.

„მიხარია და მეამაყება, რომ პირადად ვიცნობ ამ ძალიან კარგად ადამიანს. მან აჩვენა ბოლო დღეებში გმირობის ნამდვილი მაგალითი, გმირობისა, რომელიც ჩვენი შვილებისათვის უნდა იყოს სამაგალითო და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც, რომ რაც შეიძლება მალე ეს ადამიანი იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა დღეს განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით პოლიციელები ნამდვილად იმსახურებენ მადლობას თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის.

„მადლობა პოლიციელების მიმართ აუცილებლად უნდა გახმოვანდეს ჩვენი მხრიდან. რაც მთავარია, დაშლა არ არის აქ მთავარი. მთავარი ამბავი არის ის, რომ ისინი დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს, პროფესიულად გააკეთეს ყველაფერი და რაც მთავარია, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, თითოეული ადამიანის უფლებას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს თითოეული პოლიციელი“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე იმ მოქალაქეების სწორი სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვინც პოლიციის მოწოდებას დაემორჩილა და ესკალაციას ხელი არ შეუწყო. ეს არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პროვოკაციებში არ ჩაბმულიყვნენ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განხორციელებულ მოვლენებს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გვთავაზობს ისეთ რამეს, რასაც პროცესები ბუნებრივად ჩიხში შეჰყავს.

„აყენებენ მოთხოვნას განზრახ, შეგნებულად და პროვოკაციულად იმგვარად, რომ მისი თეორიულად გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს. მაგალითად ისინი გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 75-ს, გერმანულ მოდელზეა საუბარი და გვიმტკიცებენ რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ პრინციპს, იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულები მოქმედებს საქართველოში და, თურმე, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში შეგვძლებია გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები საქართველოში და ეს არ გვცოდნია. არ მგონია სწორი იყოს საკუთარი მოქალაქეების მოტყუება, თუნდაც იმ მოქალაქეების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძის აზრით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, თუ რა ხდება სინამდვილეში, უნდა იცოდნენ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში. ეჯიბრება იმაში, რომელი უფრო ახლოს იქნება იმ ადამიანების საპროტესტო განწყობასთან თავისი რადიკალიზმით, რომლებიც არიან მათი მომხრეები და რომელი უფრო მეტ მომხრეს წაიყვანს ამ, თუნდაც ძალიან გაბრაზებული ადამიანებიდან, რადიკალიზმით ცდილობენ ამ შეჯიბრში და მარათონში ჩართვას. სინამდვილეში გვაქვს ერთი ფრთა ბოკერიას ჯგუფი, მეორე ფრთა სააკაშვილის სახით, და ამ ადამიანების შიდა ჭიდილს და დუღილს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა – ამას გვთავაზობენ ჩიხური მოთხოვნებით“.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს მათ ყველაზე დიდი გაწბილება იმით მიიღეს, რომ ყველაფერი დასრულდა ყოველგვარი გართულების გარეშე. „ყველაზე მეტად რაც არ აწყობდათ, სწორედ ეს არის რომ არ მოყვა გართულება, არ მოყვა დაზიანება საბედნიეროდ არც ერთი ადამიანის და პროფესიონალურად დასრულდა ეს ღონისძიება“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ თითოეული მოქალაქის წინაშე, უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ მოქალაქეს, მათ ჯანმრთელობას, თითოეული ადამიანის გამოხატულ პროტესტს უნდა გავუფრთხილდეთ, გავითვალისწინოთ, გავიზიაროთ მაქსიმალურად – ეს არის ჩვენი ვალი და არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე კი ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი იმ დროს წითელ ხიდზე გარბოდა, ზოგი ემალებოდა საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი მოქალაქეების გადაფარების ნაცვლად, ცდილობდა რომ თავი და თავის ოჯახები გაერიდებინა ამ ქვეყნისათვის. ყველაზე შეიძლება არ მქონდეს თქმის უფლება, მაგრამ აღარ გვაგრძელებ საუბარს მათ ნამოქმედარზე მთელი იმ წლების განმავლობაში. რაც ყველაზე მთავარია, თუ კონსტიტუციაზეა ლაპარაკი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული სისტემის ჩაწერა, ეს გავაკეთეთ ჩვენ და როდესაც პირველივე ვერსიაში ეწერა, რომ 2020 წელს ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, მათ გამოუცხადეს ამას ბოიკოტი, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პროპორციულ სისტემაზე ვერ გადასვლას 2020 წლისათვის, ანუ უბრალოდ ვადის არ გადმოწევას აპროტესტებენ რუსთაველის გამზირზე. ეს უნდა ახსოვდეს ყველას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად