მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დავალებით გარკვეული პროვოკაციები იგეგმება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია რამდენიმე ოლქში, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მხარდამჭერი, მათი ლიდერების მითითებით აპირებს, რომ ბიულეტენზე დაწერონ, თითქოს ისინი საჯარო მოხელეები არიან და მათ არჩევნებში მონაწილეობა აიძულეს.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათზე „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მიულოცონ გამარჯვება.

„მოგეხსენებათ, დღეს დილიდან, საარჩევნო უბნები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქ სადაც მეორე ტურები ტარდება და საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზოგადად, მეორე ტურის სპეციფიკის, პანდემიის და ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, აქტივობა მაღალი არ არის, თუმცა ნორმალურია. მოსახლეობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას საარჩევნო ყუთებთან აფიქსირებს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

მიუხედავად პროვოკაციის მცდელობებისა, არჩევნები ძალიან მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, დღევანდელი დღე ბოლომდე ასე ჩაივლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ.

ჩვენ დილიდან წინასწარ გავამახვილეთ ყურადღება, რომ რადიკალური ოპოზიცია გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, მათი ლიდერების მითითებით, აპირებს, ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ კი ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.

მე შემიძლია რამდენიმე გვარიც კი დავასახელო, რათა გაირკვეს, ვის სთხოვეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე. ესენი არიან: ქალბატონი ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე, ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ გვითხრეს. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, კონკრეტული სახელებითა და გვარებით ვიცით, ვინ რას აკეთებს. ამიტომ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერს, თავი დაანებონ ამ მდარე პროვოკაციებს, ასეთი პატარ-პატარა ე.წ. ნაღმების აფეთქებას, აზრი არ აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გვაქვს და იმ ეჭვებსაც თავი დაანებონ, სუს-ს რომ მოიშველიებენ ხოლმე.

ასევე შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ავალებენ თავიანთ ახალგაზრდულ ფრთას, რომ საღამოს 20:00 საათზე ან ამის შემდეგ, საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება. ესეც მდარე პროვოკაციაა და მით უმეტეს „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც მთელი თავისი ე.წ. მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რუსულ საქმეს აკეთებდა და ისინი არიან ავტორები რეზოლუციის მხარდაჭერისა, სადაც ეწერა რომ საქართველომ ომი დაიწყო, საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვაზე და სხვა ძალიან ცნობილ ამბებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად