მამუკა მდინარაძე: ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტის დამტკიცების შეფერხებას არ გამოვრიცხავ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება შეფერხდეს.

მისი თქმით, ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში დეპუტატებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ცხარე კამათი ჰქონდათ. 

„ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. დაგიდასტურებთ, რომ ცხარე კამათი იყო მათ შორის ფორმალურ დეტალებთან დაკავშირებითაც კი. გუნდის წევრები, მათ შორის კომიტეტის წარმომადგენლები არიან წინააღმდეგნი იმისაც კი, რომ ახლა იქნას განხილული ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გავიარეთ ეს საკითხი უმრავლესობის შიგნით, ბევრჯერ გავივლით და ცხარე კამათი იქნება, რადგან ერთის მხრივ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი მომავალი თაობების ინტერესი და ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა, ბევრჯერ ვიმსჯელებთ და საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ და სწორ გადაწყვეტილებამდე მივალთ. 

იმდენად დიდია აზრთა სხვადასხვაობა, რომ შეფერხებასაც კი არ გამოვრიცხავ, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია. მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ და მგონია, რომ ასეც იქნება, პოზიციების დაახლოება პირველ რიგში უმრავლესობის შიგნით, რომ ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა. მნიშვნელოვან ცვლილებას აღარ მოითხოვს ეს კანონპროექტი. რამდენიმე დეტალის შეცვლით შეიძლება პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მივაღწევთ კონსესუსს უმრავლესობის შიგნით, რაც ორივე ინტერესს თანაბრად დააკმაყოფილებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა, სადაც ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტი უნდა განეხილათ, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. კომიტეტის წევრი დეპუტატები ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახში შეიკრიბნენ, სადაც დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათი მსჯელობდნენ. შეხვედრა ხმაურის ფონზეც წარიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დაიწყო, სადაც აღნიშნულ კანონპორექტს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად