მამუკა მდინარაძე: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას

“მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!”

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო, თუმცა ღონისძიებაზე რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვიეს. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა:

“პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

“მთავარ არხს”, “TV პირველს” და “ფორმულას” არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ “მთავარმა არხმა”, “TV პირველმა” და “ფორმულამ” გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

შესაბამისად, ამ მიზეზით, დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე”.

კომენტარები
იტვირთება...