მამუკა მდინარაძე: გამოვლენილია ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ-გვერდი, 20 ფეისბუქ -ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ-ექაუნთი და ბოტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ამხილა ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, დღეს კი, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომელიც ეხება ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას.

როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნების“ შესაბამისმა სამსახურებმა გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქ- გვერდი, 20 ფეისბუქ -ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკ -ექაუნთი და ბოტი.

„გუშინ ამავე დარბაზში ჩატარდა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო ე.წ. დამკვირვებლებზე, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ ნახეთ, პარადოქსული იყო მათი პასუხები. აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდნენ ობიექტური დამკვირვებლები, ახლა უკვე ვიცით, რომ თურმე არსებობენ სუბიექტური დამკვირვებლებიც, ასეთი ტერმინი შემოვიდა, პრაქტიკულად, მათი პასუხების საერთო ჯამი და ანალიზი ეს იყო, რადგან ისინი ამბობენ, რომ ამის კანონიერი უფლება აქვთ და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მართალია, მაგრამ ისინი ვერასდროს იქნებიან ობიექტური დამკვირვებლები, ისინი ყოველთვის იქნებიან ტენდენციურები და იმ მავნებლური საქმის მკეთებელნი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. უბრალოდ, ჩვენ ისინი ვამხილეთ, რათა ვერ შეძლონ პირველი – ქართული საზოგადოების და მეორე – ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლების შეცდომაში შეყვანა. ამ მხილებით უზრუნველყავით ის, რომ მაქსიმალურად შემცირდება რისკი, რომ რომელიმე მათი ტენდენციური, მიკერძოებული, სუბიექტური გამონათქვამი მოხვდეს საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში და ამით რაღაც ჩრდილი მიადგეს იმ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნების დღეს შედგება. ამ მავნებლური სქემის, რბილად რომ ვთქვათ, მათი სუბიექტური იდეების განხორციელების გზის და სისტემის შესახებ მინდა მოგითხროთ. მე წარმოგიდგენთ ოპოზიციასთან დაკავშირებული სოციალური ქსელის რესურსების და სისტემის მხილებას, რომელიც ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს. სოცქსელის რესურსები და სისტემა, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რამდენიმე დანაყოფს, აქ გამოვლინდა ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე „ფეისბუქ“ გვერდი. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმეს გეტყვით: ჰაჰა ნიუსი, დრო მიდის, კადრები კი რჩება, Миша Вернись – მიშა დაბრუნდი, გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, ანტი-ქოცი, ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, political (მემეზ და ა.შ.) არის 20 მსხვილი „ფეისბუქ“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს 330 000-მდე მომხმარებელს. არის 1 500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ფეიკ ექაუნთი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მივაწვდით ინფორმაციას, დეტალურს და უფრო ჩაშლილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად