მამუკა მდინარაძე: ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, „კაგებეს“ მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული

“ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი”.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ფაბრიკაციას წარმოადგენს და საზოგადოებაში საინფორმაციო ტერორს ემსახურება.

„ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებით, „კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში ამ მიმართულებით საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და მასში რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს, დასაგმობია. უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ასეთი ქმედებები, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ, არის დასაგმობი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...