მამუკა მდინარაძე: დღევანდელი დღე არის პოლიტიკური თაღლითობისა და მავნებლობის მორიგი მხილება

რა შეიძლება დავარქვათ დღევანდელ დღეს? პოლიტიკური თაღლითობისა და პოლიტიკური მავნებლობის მორიგი და კიდევ ერთხელ მხილება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქართული საზოგადოებისთვის თავს მოხვეული პოლიტიკური თაღლითობის მთავარი შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური საკმაოდ ფართო სპექტრი აქტორებად იმ მავნებლურ საქციელში, რასაც ერქვა გაყალბებული არჩევნების პროექტის თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, ეს დღესაც გრძელდება, მაგრამ უფრო დაბალ რეგისტრში, რადგან საზოგადოებამ დაინახა სიმართლე და პიარული დინების აღმა სიარულს ისინიც ვეღარ ბედავენ. რა მოხდა სინამდვილეში? „ნაცმოძრაობამ“ და მით უმეტეს, სხვა მისმა თანამოაზრე, თუ თანამზრახველმა პარტიებმა ჩვენზე არანაკლებ და საზოგადოებაზე არანაკლებ კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ ისე პირწმინდად, როგორც ეს მოხდა სინამდვილეში. ამიტომ მოიფიქრეს ერთადერთი რამ – რამენაირად აერიათ სიტუაცია და დამთავრებული არ იყო არჩევნების დღე, როცა თავისი პროექტის განხორციელებას შეუდგნენ. რამდენიმე საათში უკვე ატეხეს აჟიოტაჟი, თითქოს ცესკო-ში რაღაც ყალბდებოდა, თითქოს დისბალანსიანი ოქმები იყო, თითქოს ვიღაც ხმას და არჩევანს ართმევდა ქართველ ამომრჩეველს და ასე შემდეგ. ამან, სამწუხაროდ, გასტანა თვეების განმავლობაში. ამაში აქტიურად იყვნენ ჩართული ის მედიასაშუალებები, რომლებიც წარმოადგენდნენ მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობის“ საკუთრებას, და მედიასაშუალებები, რომლებსაც და რომელთა წარმომადგენლებსაც პირდაპირ ევალებოდათ, რომ თუ არჩევნებზე დაძრავდნენ სიტყვას, ეს არჩევნები აუცილებლად უნდა მოეხსენიებინათ როგორც გაყალბებული არჩევნები. ეს იყო ისტორია. ეს იყო რწმენასავით, რომ თუ არ იტყოდა მედიასაშუალების წარმომადგენელი ან მათი რომელიმე პოლიტიკოსი, რომ არჩევნები არის გაყალბებული და გაყალბებულ არჩევნებად არ მოიხსენიებდნენ, რომ ადამიანების ტვინში ასე უარგუმენტოდ გამჯდარიყო, მაშინ ის არ იყო ჭეშმარიტი ნაციონალი ან „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი. ეს არის ძალიან მოკლე ისტორია, რაც მოხდა, მაგრამ ამას საბედნიეროდ, ჩვენ მმართველმა გუნდმა მეორე დღიდანვე დავუპირისპირეთ ფაქტები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...