მამუკა ხაზარაძე: სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!

ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ბრალდებული მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო,

თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. 
ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები.
ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება.
იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ , რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება. ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად.

ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს,
რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს?
ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის?
ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება?სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

ასე ვერ განვვითარდებით!

ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს!

დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ;
გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუქაზე!

ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა!
მხოლოდ თავისუფალი , ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!

სექტემბრიდან!

ახალი მოძრაობა!

ღირსეული საქართველოსთვის!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ სოციუაკურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 700 000-700 000 ლარი შუფარდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...