მამუკა ხაზარაძე: სამწუხაროდ, ჩვენ სულ უფრო ნაკლებად მოვიხმართ ქართულ ანბანს

#წერექართულად ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას და ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვასა და განვითარებას ემსახურება. იგი რამდენიმე წამოწყებას აერთიანებს, კერძოდ: ელექტრონულ მოწყობილობებში ქართული ანბანის პოპულარიზაციას, ახალი ფონტების შექმნას, ლექსიკონების გამდიდრებას, ენის გათავისუფლებას პარაზიტი სიტყვებისგან და ა.შ.

პირველივე დღეებიდანვე, პროექტს #წერექართულად შემოუერთდნენ ენათმეცნიერები, ლიტერატორები, მწერლები, პედაგოგები და პარტნიორი ორგანიზაციები: Microsoft, Leavingstone, Lemondo, ჯეოლაბი და ა.შ მათი დახმარებით რამდენიმე ინიციატივა განხორციელდება:

• ქართული ფონტების კონკურსი – ცნობილი დიზაინერი, ზვიად ციკოლია ქართული ფონტების კონკურსს უხელმძღვანელებს. კონკურსის მიზანი ახალი ქართული ფონტების შექმნაა. დღეისათვის, ქართული ფონტების მხოლოდ ძალიან მცირე არჩევანი არსებობს და არ არის მორგებული სხვადასხვა ფორმატს. ჩამოყალიბდება უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი 6 კაციანი ჟიური, რომელიც კონკურსზე შემოსულ ფონტებს შეაფასებს და მათ შორის 10 საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსზე ნამუშევრების წარდგენა მოხდება ვებგვერდზე: წერექართულად.com სამომავლოდ, კონკურსის შედეგად შერჩეული ფონტების გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

• ინგლისურიდან ქართულ ენაზე ონლაინ თარგმანის გაუმჯობესება – თიბისი ბანკმა საერთშორისო კომპანია Microsoft Georgia-სთან, არასამთავრობო ორგანიზაცია PhInternational-თან და ჯეოლაბთან ერთად დაიწყო მუშაობა ონალინ ბინგის, ქართული თარჯიმანი პროგრამის შექმნაზე. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ელექტრონული წიგნების სახლის, „საბას“ სრული ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე თარგმანი გახდება უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი. კერძოდ, ინტერნეტში ძიებისას ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და მრავალფეროვანი ქართული შესატყვისები.

• საუკეთესო ინგლისურ-ქართული ლექსიკონების გაციფრულება – პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იგეგმება ორი ყველაზე სრულყოფილი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც იქნება ღია რესურსი ყველასთვის.

პროექტის #წერექართულად მხარდამჭერია ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელმაც ქართული ენისადმი მიძღვნილი მხატვრული ნაწარმოებები, სამეცნიერო კვლევები და პუბლიცისტური წერილები ანთოლოგიაში გააერთიანა და უფასოდ სთავაზობს თავის მკითხველს ვებგვერდზე, saba.com.ge

პრეზეტაციის მსვლელობისას არტარეას გალერეაში გამოფენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის კალიგრაფების მიერ შექმნილი ხელნაწერები.

“სამწუხაროდ, ჩვენ სულ უფრო ნაკლებად მოვიხმართ ქართულ ანბანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სოციალურ ქსელებსა და მობილურ ტელეფონებში. მკვიდრდება უცხო სიტყვები, ბარბარიზმები, ჟარგონები… სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ, რომ „ქართულად წერას“ შემოქმედებითი და სახალისო ფორმით პოპულარიზაცია სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, სპეციალისტს და უბრალოდ მოხალისეს, ვინც მხარი დაგვიჭირა და ჩვენთან ერთად გახდა ამ პროექტის კეთილი ნების ელჩი.“ – განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად