მამუკა ხაზარაძე: ოქრუაშვილის და ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარებს არ ვაპირებ

“ქართული ოცნება” იძულებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, თუ რაღაც მიზეზის გამო ეს ვერ მოხდა და ჩვენ ჩვენი ძალისხმევით ვერ მივაღწიეთ, ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი, სრულად პროპორციული არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს ოპოზიციის მხარესაა, მათთან არ აკავშირებს ღირებულებითი, ფილოსოფიური და მორალური კავშირები/

“მინდა ხაზი გავუსვა, ძალიან ბევრ ადამიანთან, რომელიც დღეს ოპოზიციის მხარესაა, არ მაკავშირებს არანაირი ღირებულებითი ან ფილოსოფიური კავშირები ან მორალური ამბები. ყველა თავისუფალია თავის კომენტარებში, მაგრამ მინდა ეს ყველაფერი გადავშალოთ და დავუბრუნდეთ ძირითადს. ძირითადში ოპოზიციონერები დღეს აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს – ეს არის მოცემულობა, ძირითადი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც შეიძლება სწრაფად – 2021-ში.

მე არ ვაპირებ ირაკლი ოქრუაშვილისა და შალვა ნათელაშვილის კომენტარებზე კომენტარის გაკეთებას, საქმეზე ვილაპარაკოთ, საქმე კიდევ მდგომარეობს შემდეგში: ოპოზიცია ყველა ღონისძიებას ხმარობს დღეს და ის ბერკეტი გააჩნია, რომ არ შედის პარლამენტში. ამას დაემატება საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც კი ახალი წელი გადაივლის. ამას, სამწუხაროდ, ემატება ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. “ქართული ოცნება” იძულებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, თუ რაღაც მიზეზის გამო ეს ვერ მოხდა და ჩვენ ჩვენი ძალისხმევით ვერ მივაღწიეთ, ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი, სრულად პროპორციული არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე, რადგან ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩასატარებელი.

თუმცა, ამას ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იცვლება საარჩევნო კანონმდებლობა. ეს ვარიანტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება ვერ შედგა ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ბოიკოტს ანებებს თავს ან იმას, რომ ვიღაც 2021 წელს არჩევნებს არ ითხოვ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად