მამუკა ხაზარაძე: გარანტია არ არსებობს, რომ ენერგეტიკული ბირჟის გაშვება კიდევ არ გადაიდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოსმენილი იქნა ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „აიპრესი“ პარლამენტის ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, მამუკა ხაზარაძეს ესაუბრა:

-ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამ დაგეგმილი თარიღის ნაცვლად, დროში 6 თვით გადაიწია, რაც პირდაპირ კავშირშია ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. რამდენად დამაიმედებელი ინფორმაცია მიიღეთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან, რომ ენერგეტიკული ბირჟის გადავადების საკითხი არ იქნება იმ ტიპის პრობლემა, რის გამოც ქვეყნის ევროინტეგრაციას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს?

-ჩემი განცდა დღეს დადასტურდა, რომ არანაირი, არათუ ამბიციური გეგმა არ არსებობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ევროინტეგრაცია სხვადასხვა და რაც ყველაზე მთავარია, ენერგოსაკითხებში. თვითონ ის პასუხი, რაც მივიღე, თითქოს 10 ბალიან შკალაზე ვდგავართ მეორე საფეხურზე ამ მიმართულებით, ნიშნავს, რომ ძალიან ნელა მიდის ეს პროცესი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, – დაუგეგმავად. მარტივად რომ ვთქვათ არ ეჩქარებათ. ენერგეტიკული ბირჟის გახსნამაც გადაიწია. შესაბამისად, სერიოზულ პრობლემას ვხედავ ამ მიმართულებით. ქვეყნის მთავრობას არ ეჩქარება ევროინტეგრაცია. ენერგეტიკული ბირჟის საკითხი ამის დადასტურებაა.

-როგორც დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, ენერგეტიკული ბირჟა შესაძლოა, 6 თვეზე ნაკლებ დროში ამოქმედდეს. დამაჯარებელია ის არგუმენტები, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ისაუბრა?

-ასე აცხადებენ, მაგრამ რეალობაში შეიძლება 10 წელიც დასჭირდეს და თხუთმეტიც. ასეთი ტემპით და მიდგომებით, ამ შედეგზე გავალთ ჩვენ სამწუხაროდ.

– ვის პასუხისმგებლობას ხედავთ არსებული პრობლემების გამო და ემხრობით თუ არა, რომ პარლამენტი ენერგეტიკული სფეროს რეფორმის ზედამახედველობის კუთხით უფრო აქტიური უნდა გახდეს?

– წესით, ენერგეტიკული ბირჟა ხელშეკრულების თანახმად,  1 ივლისს უნდა გახსნილიყო, რომელიც გადაიდო 6 თვით. არანაირი გარანტია, რომ კიდევ არ გადაიწევს, არ არსებობს. თუ ბაზარი არ გაიხსნა, ენერგოსისტემა საინტერესო არ გახდება ინვესტორებისთვის. ეს არის მთელი ამბის თემა. თუ თავისუფალი ელექტროვაჭრობა არ დაიწყო ელექტროენერგიის… საკითხის აქტუალობა ის არის, რომ კომიტეტზე გამოდის საკითხი, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობას არ გააჩნია კონკრეტული ხედვა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ამ საფეხურზე გადასვლა.

– ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პრობლემატიკის თემაში, თქვენ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება… რამდენად არის დამაკმაყოფილებელი მისი სტანდარტები, რომლის შესახებაც საჯაროდ კეთდება განცხადებები?

-ნამახვანის თემა მკაფიოა, ჩვენ დავიბარეთ მინისტრები და იმედია, მალე ვნახავთ მათ კომიტეტის სხდომაზე. ერთი კითხვა, რომელიც დავსვი არის, ის, რომ ნამახვანის „გზშ“ გაკეთებული აქვს ქართულ კომპანია, რომელსაც არ მინდა არანაირი რეპუტაციული ზიანი მივაყენო. უბრალოდ, ამ კომპანიას არა აქვს გეკეთებული არცერთი საერთაშორისო ჰიდროელექტროსადგური უცხოეთში. როცა ვლაპარაკობთ საერთაშორისო პროექტზე, ყველა კომპონენტი, შინაარსობრივად საერთაშორისო-ს მატარებელი უნდა იყოს. ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტით, – ეს ერთია, მაგრამ გაქვს თუ არა გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტით, გაქვს თუ არა გაკეთებული პროექტები, რომელიც ამ სტანდარტით მუშაობს, არის მეორე საკითხი, მე მაგალითისთვის მოვიტანე „ევრორემონტს“ რომ ეძახიან… საქართველოში „ევრორემონტს“ ვაკეთებთო… რეალურად რომ შეამოწმო, ეს უბრალოდ სახელია და შინაარსი არის -სხვა.

კომენტარები
იტვირთება...