მამუკა ხაზარაძე: გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა 20 ივნისის შემდეგ, შს მინისტრობიდან, პრემიერის სკამის მორგება იყო

“ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და საქართველოში სამართალი არის პოლიტიკურად მართული. რაც შეეხება მელიას დაკავებას, მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, ეს საკითხი ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა შეიყვანა”, – ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა.

“ოცნებას” ავიწყდება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ, არ გვინახავს არცერთი სერიოზული, კორუფციული საქმის გამოძიება, რეალურად კი, მილიონობით ლარია მოპარული ქვეყნის ბიუჯეტიდან. არ გამოგვიძიებია არც ერთი ნეპოტიზმის ფაქტი. ოფიციალურად არ დაფიქსირებულა დარღვევები და მასზე შესაბამისი რეაგირება, რაც დაფიქსირდა არჩევნების დროს.
მე მაქვს კითხვა, როდესაც 40 000 ლარს ედავები მელიას, უბრალოდ უნდა გქონდეს ამის მორალური უფლება და უნდა იყო სამართლიანი, პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. „ქართული ოცნება“ სამართლიანად არ იქცევა, ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომა აქვს იმ დარღვევებთან მიმართებაში რაც ქვეყანაში ხდება…
ამ მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ქვეყანა, ერთადერთი საშუალება არის დემოკრატიული ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.
დღეს “ლელომ” გააკეთა განცხადება, ჩვენ მზად ვართ სასწრაფო წესით დაიწყოს დიალოგი “ოცნებასთან” და ეს დიალოგი დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა; გადატვირთვა ანუ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.
სამწუხაროდ, საქართველოში დაიკარგა სამართლიანობის განცდა. ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და არ გვყავს პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა…
გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა 20 ივნისის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, პრემიერის სკამის მორგება იყო. ეს მისი მხრიდან იყო ძალის დემონსტრირება, ანუ რა გამოდის?! არ აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაულს ჩაიდენ, რა ბრძანებას გასცემ, ამ ქვეყანაში, შენ პირიქით, შეიძლება დაწინაურდე. გახარიას აქვს ჩადენილი, რამდენიმე დანაშაული, ერთ-ერთი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მან შეაჩერა და ჩააგდო ქვეყნის განვითარების გეგმა, ანაკლიის პროექტის მშენებლობის სახით…
მისი გადადგომა უკავშირდება მის ემოციურ გადაწყვეტილებას, ამხელა ტვირთის ტარება არ შეეძლო, რადგან რამე რომ მომხდარიყო, მელიას დაკავების დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. გახარია მალევე მიხვდა, რომ უნდა ჩამოშორებულიყო დაკავებულ თანამდებობას.
მე ვფიქრობ, რომ დღეს აღარც მთავრობა გვყავს და არ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალზე. ზუტად ამიტომ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე! უნდა ვილაპარაკოთ, როგორ ავაშენოთ სახელმწიფო, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე.
ვფიქრობ ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს, ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც დარჩა, არის რიგგარეშე არჩევნები. რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩემი წინადადება იგივე რჩება; 2022-ში ჩატარდეს რიგგარეშე, სამართლიანი არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს კითხვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც კი ამას გადავწყვეტთ, შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად, ქვეყანა წავა წინ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, დღეს დილით  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს

რის შემდეგ უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...