მამუკა ხაზარაძე: დავაშენოთ სახლებს 40 კვადრატულიანი მანსარდები და გადავცეთ ახალგაზრდა ოჯახებს

“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემში “საჯარო პოლიტიკა” ახალგაზრდა ოჯახების სტიმულირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლად შექმნილ ოჯახებს ხელისუფლება ბინის შეძენაში უნდა დაეხმაროს.

“როგორი იქნება მმართველობის პირველი 100 დღე? ჩვენთვის და ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანების სტიმულირება, მათთვის იმედის მიცემა და ცხოვრების გზაზე წარმატებისთვის ფორმულების მიცემა. ეს არ ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში. ჩვენ ამისთვის გვაქვს რამდენიმე ინიციატივა: გვინდა, რომ ახალგაზრდა ოჯახებს პირველი ბინა 40 კვადრატულიანი დაუფინანსოს სახელმწიფომ 50%-ით, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ ოჯახის შექმნის, ცხოვრების დაწყების საშუალება.

პანდემიის დროს ჩვენმა მთავრობამ, რომელსაც ბიუჯეტი გახეული აქვს მთლიანად, 150 მილიონი გამოყო და შერჩევითად დაურიგა დეველოპერებს. თქვე დალოცვილებო, 100 მილიონი იმავე დეველოპერებისთვის კონკურსის წესით რომ მიგეცათ და გეთქვათ – დაამატეთ თქვენს მშენებლობებს მანსარდის ტიპის 40 კვადრატულიანი ბინები და გადავცეთ ეს ახალგაზრდა ოჯახებს… ვაძლევ კიდევ ერთ იდეას მთავრობას, რომელიც არ ითვალისწინებს და ბოლოს მერე კვაზ რაღაცებს აკეთებ. მინდა გითხრათ, რომ 100 მილიონი მოგვცემს საშუალებას ყოველწლიურად შევქმნათ 3000 წყვილისთვის 40 კვადრატულ მეტრიანი ბინის შეძენის საშუალება. მთავარია დავიწყოთ! მთავარია ახალგაზრდებს გავუჩინოთ იმედი და გავუწიოთ მხარდაჭერა.

ასევე, პირველი სამსახური უმაღლეს დამთავრებულებისთვის, 6 თვიანი, გარანტირებული, ანაზღაურებადი სამსახური. ეს ყველაფერი შესაძლებელია სახელმწიფო სამსახურებში და კერძო სექტორშიც. კერძო ბიზნესს მივცემთ ისეთ საგადასახადო შეღავათებს იმის მიხედვით, რამდენ ადამიანსაც დაასაქმებენ, რომ ეს სიმძიმე მათ არ დააწვებათ.სამაგიეროდ, მოხდება ახალი სისხლის გადასხმა, ადამიანების ნათლობა სამსახურში… ასეა, 100 000 სტუდენტი ამთავრებს სასწავლებელს და 70 პროცენტამდე პროფესიით დასაქმებას ვერ ახერხებს” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად