მამუკა ხაზარაძე: ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ “მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი”.

“ევროკავშირის პარლამენტარების დღევანდელი ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას.

სასწორზე დევს, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.
ოპოზიციამ ბნ. დანიელსონის 5 პუნქტიანი შეთანხმებიდან 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა; რაზეც მსგავსი თანხმობა ქართული ოცნებისგან არ მიგვიღია…
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ “ოცნება” არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით, მიღწეულ იქნას შეთანხმება.

“ლელო” და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად.

რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, ლელო კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. ლელო მზადაა, თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად.
მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში Facebook.

ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...