მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა.

პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა ბახტაძემ მინსკში, 1941-1945 წლებში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუს კოლეგას, სერგეი რუმასს შეხვდება. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...