მამუკა ბახტაძე ვალების ჩამოწერაზე ოპონენტების კრიტიკას სპეკულაციას უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვალების ჩამოწერის საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დასმულ კითხვაზე – ითვლება თუ არა 600 000 ადამიანის მოსყიდვად ეს პროექტი – განაცხადა, რომ მთავრობამ საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე თვის წინ, არჩევნებამდე გაცილებით ადრე დააანონსა და შემდგომ მისი რეალიზაცია დაიწყო.

„ამაზე ჩვენი ოპონენტები იცით, რომ ხშირად აპელირებენ სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. ჩვენ ამ პროექტის შესახებ დავაანონსეთ გაცილებით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა არჩევნები. ჩვენი ოპონენტების ლოგიკა მაშინ რაში მდგომარეობს. ის, რომ 400 ლარიანი პენსია დაპირდე და მოატყუო შენი მოქალაქე, ეს არ არის მოსყიდვა და ჩვენი პროექტი არის მოსყიდვა? იცით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარიგა ვაუჩერები და იქაც პირდაპირ ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოახდენდნენ ამ სესხების ჩამოწერას. ისმის კითხვა: ის არ არის მოსყიდვა და ეს არის რაც ჩვენ გავაკეთეთ? ამის გაკეთება უნდოდათ ბიუჯეტის ფულით, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ინიციატივაზე, სადაც ამ შემთხვევაში საქველმოქმედო ფონდი აკეთებს ამ ისტორიულ საქმეს. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და სხვა არაფერი. ჭარბვალიანობას აქვს შორს მიმავალი ფესვები, ეს პრობლემა დაიწყო 2007 წელს, მათი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად. წლების განმავლობაში ეს დაგროვდა, დაემატა სხვა ფაქტორები და ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, რომ ამას სჭირდებოდა მასშტაბური და პრინციპული გადაწყვეტა. ჩვენ ეს დავაანონსეთ რამდენიმე თვის წინ და შევძელით, რომ დაგვეწყო მისი რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად