მამუკა ბახტაძე: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა

,,საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. ინფორამციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ჯანდაცვის სტანდარტი  წლიდან წლამდე იმატებს და მოქალაქეების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად იზრდება.

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. მინდა განსაკუთრებით გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ, როგორც ქვეყანას გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის დამარცხებას შეძლებს. დავით სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში და მე მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ, ახალ სამთავრობო პროგრამაში წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გვაქვს დასახული რეფორმების ახალ ფაზაში, რომელსაც ამ სისტემაში განვახორციელებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო სერვისების გაციფრულება და ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდის მნიშვნელობა.

„ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან და ბიუჯეტიდან იზრდება  ინვესტიციები, დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იღებს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა.  ამისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში და ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რათა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს არ ჰქონდეთ მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა. ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ. ეს არის ამავდროულად სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების მშენებლობაზე. მისი თქმით, დევნილებისთვის ბინების შესაძენად 2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

„აქედან გამომდინარე, ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხი და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. მე ხაზი მინდა გავუსვა შრომით უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, მოგვცა უმძიმესი შედეგები, რომელსაც  დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე,  შრომის უსაფრთხოების საკითხების განმტკიცება და გაძლიერება რჩება სამინისტროს პრიორტეტებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...