მამუკა ბახტაძე: მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში

"ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას", ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია", – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა 2018" დასმულ შეკითხვას, "ვინ არის თქვენი ბოსი, ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული".

"საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და ციფრებია. პროგრესი დიდია, მიღწევები ბევრია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის კონსოლიდირება გამოწვევებთან გასამკლავებლად", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

ამასთან, Financial Time-ის მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ლუისიმ კითხვა დასვა "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალიან მდიდარი ადამიანია, ოლიგარქიული სიტუაციის მსგავსი ვითარებაა და ხომ არ აყენებს ეს ჩირდილს ქართულ დემოკრატიას. 

მამუკა ბახტაძემ კი ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა: "მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს მოვიგეთ არჩევნები. საუკეთესო პასუხი ანუ რა მოიტანა ამ დიდმა ცვლილებამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი, საერთაშორისო რანჟირებები, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით – მედია პლურალიზმი, ადამიანთა უფლებები, დაცვა, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა, გამჭვირვალობა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მე-5. რაც შეეხება კვლევებს, საქართველო, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას ძალიან ბევრ კვლევაში. ეს არის ძალიან კონკრეტული მიღწევები და ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზეე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია საქართველოში ქართული ოცნებისა, რომ ევროპული დემოკრატია და საპარალმენტო დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ეს იყო დიდი ცვლილება, რაც გავაკეთეთ. ეს იყო ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, ფართოდ ცნობილია".

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...