მამუკა ბახტაძე: განათლების სექტორს ჩვენს მშპ-ში 10-11%-იანი წილი ექნება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა.

„2019 წელს ჩვენ დავიწყებთ რეფორმას, რომლის მიხედვითაც განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში – ანუ ექნება მინიმუმ 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები განათლებაში.

ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც გამოვყავით 5 დონე – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხუთივე დონეზე ჩვენი ეკონომიკა ხარჯავდეს თავისი მშპ-ს 10-11%-ს.

სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა იმისკენ, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს რეფორმა იქნება ყველა ძირითადი პრობლემის დაძლევის გზა.

დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა მოიტანს სწორედ იმ სულისკვეთებას, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს სრულიად განსხვავებული, დავძლიოთ ქვეყანაში დღეს არსებული ყველა გამოწვევა, უმუშევრობის, სიღარიბის თვალსაზრისით და მოქალაქეებისთვის საქმიანობის არეალის შეზღუდვის კუთხით. ეს არის ძალიან რთული ამოცანა.

რა თქმა უნდა, მხოლოდ განათლების რეფორმით ამ პრობლემას ვერ მოვუვლით, მაგრამ სწორედ განათლების რეფორმა უნდა იყოს ამ ამოცანების გადაწყვეტის მთავარი ლოკომოტივი. ჩვენ ამ თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენი ინიციატივის შედეგად, განათლების სექტორს ექნება 10-11%-იანი წილი ჩვენს მშპ-ში”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად