მამუკა ახვლედიანი: თურმე მართლა უნდა ამეღო 6 მილიონი ასეთ უნამუსო ქვეყანაში

"რაში უნდა გადმოეცა ნიკა გვარამიას ჩემთვის თანხა?! საერთოდ უსმენს ჩანაწერს ვინმე? დარწმუნებული ხართ რომ ჩემთან არის ეს საუბარი?! ავთენტურია ეს ჩანაწერი? მე დღემდე ვითხოვ ამის დადგენას. ეს არის დამახინჯებული, დაჭრილი მონტაჟი“,- ამის შესახებ „აიპრესთან“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს. 

"1 წელია მოსამართლე აღარ ვარ, არც ვაპირებ, არ მაინტერესებს ეს პოლიტიკა, ამ ხალხს ნამუსი არ აქვს? რა უნდა გავაკეთო, არ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში?! წავიდე?! ყველა ამას უწყობს ხელს თუ რა ჯანდაბა ხდება გამაგებინეთ. რისი ეშინიათ ამ ადამიანებს, ვცხოვრობ ჩემთვის, უბრალოდ არ მომწონს ეს სიბინძურე, რაც  ქვეყანაში და სასამართლოში ხდება. არ შეიძება ვთქვა რომ ეს არ მომწონს? გამოვედი და ვთქვი, რომ ეს ყველაფერი არის სიბინძურე. თუმცა, თქმას აზრი არ აქვს, რადგან ამ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს, გინახავთ რამე გამოძიებული?

რომც თქვა რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ და რამდენი დანაშაული აქვს ნაძირალა მურუსიძეს და ჩინჩალაძეს ჩადენილი, ვინმე გამოიძიებს, ვინმეს აქვს ამის იმედი ქვეყანაში? ისევ მე უნდა გავიჭყლიტო და ჩემზე გადაიაროს ამ ყველაფერმა. იმდენი დანაშაული აქვთ ამ ქვეყნის წინაშე ჩადენილი, მოვა დრო და ეს ადამიანები სისხლის სამართლის წესით აგებენ პასუხს.

ვინმემ გამაგებინოს, გვარამიას რაში უნდა გადაეხდა ფული? მე საქმეს ვიხილავდი, მოიგო რაიმე, იმ პერიოდს ემთხვევა როცა ვიღაცას ესაუბრება, საერთოდ არის ეს საუბარი ჩემთან?! ასეთი საუბარი არც კი შემდგარა და ვერც კი გაბედავდა ამას, რა უნდა შემოეთავაზებინა, რას ლაპარაკობთ?! 

სირცხვილია ეს ყველაფერი, ყველაფერს აქვს საზღვარი.  4 შვილი მყავს და რა უნდა უთხრა მათ, ასეთ სისულელეებს ტელევიზიით რომ ისმენენ, ოჯახი არავის გაქვთ?! ამ ქვეყანაში ადამიანს ცხოვრების უფლება არ აქვს, მართლა თავისი ბოსტანი ჰგონია ბიძინა ივანიშვილს თუ რა ჯანდაბაა?! ხომ უნდა არსებობდეს თეორიული აზრი, რაზე შეიძლება გამომერთვა ნიკა გვარამიასთვის ან ნებისმიერისთვის თანხა. 

როგორ ფიქრობთ, დაგაკავებენ?

გამორიცხული არაფერია. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ამათ ტვინებში რა მოიხარშება კაცმა არ იცის. არიან ადამიანები რომლებსაც შუბლის ძარღვი გაუწყდათ, ამათ კი საერთოდ არ აქვთ. არადა იმის 1% არ მითქვამს, რაც ხდება სასამართლო სისტემაში. ვიცი რისი ეშინიათ, მე ვიცი რას აპირებენ ელექტრონული განაწილების სისტემაზე, რას მთავაზობდნენ… ფული გვარამიას კი არ შემოუთავაზებია, ძალიან ბევრ ვინმეს აქვს ბოლოს შემოთავაზებული. ალბათ, ეშინიათ არ მოვყვე ვინ რას რაში მთავაზობდა. 

ნუ თანხას გთავაზობდნენ?

თანხას, ბონუსებს, ოღონდ ხელისუფლების და მოქმედი სასამართლო სისტემის მენეჯმენტის  გარკვეული დავალებები შემესრულებინა. მე მგონი საზოგადოებამ გაიგო რა პასუხი გავეცი. ამ ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს სიმართლის ეშინია. ზუსტად იციან, რომ ეს სიმართლე ბოლოს მოუღებს. 

1 წელია წამოვედი, სახლში ვზივარ, თუ არაფერი აშინებთ რა უნდათ?! იციან, ადრე თუ გვიან ამაზე ვინმე პასუხს მოთხოვს. ამ ქვეყანაში თუ პასუხი არ მოეთხოვა ადამიანებს, იმისთვის რასაც აკეთებენ, ეს არ დასრულდება.

25 წელია ერთ წრეზე დავდივართ ქართველები და ვერ გავედით ამ წრიდან. იმის გამო რომ პასუხს არავის ვთხოვთ, მურუსიძეს და ჩინძალაძეებს ჰგონიათ ვიყავით "ნაციონალებთან“ რა დავაშავეთ? მთავარია მომდევნოსთან კარგად ვიყოთ, ასე ტრიალებენ… პასუხს რომ აგებენ მერე ვერცერთი მოსამართლე ვერ გაბედავს ასეთ სიბინძურეებში მონაწილეობის მიღებას.

საკუთარ ოჯახთან უხერხულად ვგრძობ თავს. ბავშვები ტელევიზორს უნდა მოვარიდო რამე სისულელე რომ არ თქვან?! რომ წავიდე სად წავიდე, 2 წლის და 7 წლის ბავშვით წავიდე საზღვარგარეთ?! მართლა 6 მილიონი რომ ამეღო, ჩავდებდი რამეში, დავიხურავდი ქუდს და ვიცხოვრებდი უზრუნველად. თურმე მართალა უნდა ამეღო ასეთ უნამუსო ქვეყანაში", – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა "აიპრესთან". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...