მამუკა ახლედიანი: სასამართლოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ!

დღეს, იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მოუწოდა, „თუკი ბ-ნ ახვლედიანს მიაჩნია, რომ ვერ შეძლებს მოსამართლის ორდინარული მოვალეობების შესრულებას, ვერ გაუძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ყოველდღიურ სამუშაო დატვირთვას, ან სხვა მიზეზთა გამო აღარ სურს სასამართლო სისტემაში დარჩენა, იგი თავისუფალია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება“.
 

"აიპრესთან" მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ამ წუთებში შვებულებაში იმყოფება, მაგრამ არ აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობის გაგრძელებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრებთან თანამშრომლობას. 

"შვებულებაში ვარ. ეტყობა გაიგეს, რომ არ ვაპირებდი გამოსვლას და ამის შემდეგ გააკეთეს ეს განცხადებები. ალბათ, იფიქრეს რამე განცხადებას გავაკეთებდი. ლოგიკას მოკლებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება. სხვა რეალობაში ცხოვრობენ. მათ ქმედებებს მთელი ქვეყანა ხედავს. რა უნდა ვთქვა ამ ხალხის გაკეთებულ განცხადებაზე?! სხვა აზრი ვერ გამოვიტანე, ეტყობა ერთმანეთს ამხნევებენ. 

არ ვაპირებ ამ ადამიანებთან თანამშრომლობას. აბსურდია ამ ადამიანებთა საუბარი. ჯერ იმ კითხვებს გასცენ პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ტესტების თემიდან დაწყებული სასამართლო სისტემაში ხელოვნურად შექმნილ კრიზისამდე დამთავრებული. ახლა სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი, თითქოს მამუკა ახვლედიანი არის მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში. 

რაც მე მახსოვს, 2005 წლიდან ეს ხალხია მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში. მათ გარდა ყველა არჩევს სად არის სიმართლე და სად ტყუილი. 

მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ აბსურდია. მე თავისუფალი ვარ გადაწყვეტილების მიღებაში, ამაში იუსტიციის საბჭოს განცხადება არ მჭირდება. მე როგორც მინდა ისე გადავწყვეტ. დაელოდონ ჩემს გადაწყვეტილებას, როცა მივწერ, მაშინ იქნება ჩემი პასუხი. 

ერთს ვპირდები, როცა ეს ადამიანები საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ, თუნდაც ამისთვის ევროპულ სასამართლო გახდეს საჭირო, პირობას ვაძლევ, სახელმწიფომ კი არ გადაიხადოს ის თანხა, რაც თავიანთი ქმედების გამო დაეკისრებათ, არამედ პირადად მათ მოუწევთ რეგრესის წესით ამის გადახდა, ამისთვის მოემზადონ!"

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "მამუკა ახვლედიანს მოსამართლედ დანიშვნის დღიდან, თითქმის 9 წლის განმავლობაში, არსებითად არ განუხილავს არც ერთი სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საქმე.“

კომენტარები
იტვირთება...