“მამლის ყივილამდე ძალიან ბევრმა უარმყო” – ექსკლუზიური ინტერვიუ ოთო აბესაძესთან

“ექსკლუზიურად გეუბნები, დაკავებიდან რამდენიმე კვირით ადრე მქონდა კონსულტაციები საარჩევნო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, შევხვდი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს.” – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სახე, გამორჩეული აქტივისტი და სხვადასხვა დროს საკმაოდ მაღალი რანგის საჯარო მოხელე, ოთო აბესაძე 2 წლიან დუმილს არღვევს და “აიპრესთან” ექსკლუზიურად ყვება თავისი დაპატიმრების, ციხეში გატარებული 6 თვის და ნულიდან დაწყებული ცხოვრების შესახებ…

აქვე შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთო აბესაძეს დანაშაული არ დაუმტკიცდა და ბრალდება – 339-ე მუხლი – საქმის განხილვის ეტაპზე გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ამის შემდეგ, მან საპატიმრო დატოვა.

მას შემდეგ, რაც საპატიმროდან გამოხვედით, მტკიცედ ინარჩუნებთ დუმილის უფლებას. ამიტომ, პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუზე დათანხმებისთვის.

თქვენი საქმე, სამართლებრივი თვალსაზრისით,  ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რის გამოც მუხლის შეცვლაც კი მოუხდათ საბოლოოდ. რჩება შთაბეჭდილება, რომ “თავიდან მოგიცილეს”… ვის ინტერესებში შედიოდა ეს ყველაფერი ზუსტად იმ დროს, როდესაც თქვენი, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსის კარიერა იყო საკმაოდ წარმატებული და მზარდი?

ძალიან გულწრფელად გიპასუხებ… როგორც ჟურნალისტს მინდა გკითხო, როგორ წარმოგიდგენია, როცა 26 წლის ადამიანი, როგორც თავად აღნიშნეთ, მზარდი პოლიტიკური კარიერის მქონე, რომელიც იმ პერიოდში არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს, ვიღაცას ქრთამად სთხოვს  3 000 -ს? მინდა გითხრათ აქვე, რომ სამჯერ მეტი იყო ჩემი თვიური შემოსავალი, საგანმანათლებლო სფეროში  გრანტები მქონდა აღებული ოფიციალურად, პლიუს ხელფასი. მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ვგეგმავდი აქტიურად პოლიტიკაში ჩართვას, როგორც საარჩევნო სუბიექტი, ავდექი და ვიღაც უცხო კაცს ქრთამი მოვთხოვე?

პირდაპირ გეტყვით, ერთ-ერთმა ყველაზე კვალიფიციურმა აგენტ-პროვოკატორმა იმუშავა ჩემზე, ძალიან კვალიფიციურმა, რომელიც შემეხმიანა ახლო სამეგობროდან და მთხოვა დახმარება. რა საკვირველია, დავაკვალიანე.

მერიაში მუშაობის პერიოდში და მანამდეც, განათლების სამინისტროში 4 წელი მუშაობისას,  ასობით ადამიანი მეხმიანებოდა კონსულტაციაზე, დახმარების სათხოვნელად…  როდესმე ერთმა ადამიანმა  მაინც თქვას, რომ ვინმესთვის როდესმე რამე მითხოვნია და აღარასდროს ცხოვრებაში ხმას არ ამოვიღებ!

რაღა მაინცდამაინც ამას ვთხოვდი ფულს?! აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო, ვაღიარებ. ჩემი პრობლემა არის ის, რომ ძალიან უხეშად წამოვეგე ამ პროვოკაციაზე.

ვინ არის ეს ადამიანი და ვინ არის ის მეგობარი, რომელმაც თქვენთან გამოუშვა?

ეს ადამიანი დასახელდა ადვოკატების მხრიდან და იძებნება კიდეც სხვადასხვა  საძიებელში. მე თავს ვიკავებ, ვინაიდან, იურიდიული განხილვის სფერო იყო, არ ვამწვავებ, თანამშრომელი, მარტივად- ნომინალური აგენტია, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის დაცვით მიყვანეს სასამართლოზე და დააბრძანეს. უშიშროების თანამშრომელია.  ადამიანი თავისი პირით ყვებოდა სასამართლოზე, როგორ აღიჭურვა ვიდეო თვალით და  წამოვიდა ამ თანამშრომლობაზე.   ყველაზე სასაცილო და სამარცხვინო იცით რა იყო? სასამართლოზე განაცხადა, რომ ის მეგობარი, რომელმაც ჩემამდე მოიყვანა, თურმე ბორდელში გაიცნო. ეს განაცხადა სასამართლოზე… ესე მარტივად, ერთმანეთი ბორდელში გაიცნეს და ერთი მეორეს დაპირდა, რომ მერიაში მეგობარი ყავს და დაეხმარებოდა.

მიუხედავად ასაკისა, ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება გქონდათ… თქვენ არ იცოდით, რომ ის წარმოადგენდა უშიშროების სამსახურს?

არა, მე მასზე ინფორმაცია საერთოდ არ მქონდა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, რომ მის მეგობარს ძალიან სჭირდებოდა დაკვალიანება. რა პრობლემაა-მეთქი, მოვიდეს. მოვიდა, ავუხსენი რა უნდა გაეკეთებინა და წავიდა. საქმე ეხებოდა მდინარე მტკვარზე ე.წ. ტივის ფორმის კაფის მოწყობას. შემდეგ აღმოჩნდა რომ მე მას ფული მოვთხოვე. დამაკავეს ქრთამის მოთხოვნის ბრალდებით, თითქოს, მე ამ ადამიანს მოვთხოვე ქრთამი. რასაკვირველია თანხაზე არ იყო არანაირი ანაბეჭდი, ხელი არ მქონდა მოკიდებული არაფერზე, რა სისულელეა, რაიმე სახის ფაქტი ბუნებაში არ არსებობს.

პროცესზე გამოიკითხა უამრავი მოწმე. დაწყებული დედაქალაქის მაშნდელი ხელმძღვანელობით, გაგრძელებული არქიტექტურის თუ სანებართვო სამსახურის თანამშრომლებით და დასრულებული საქმესთან ირიბ კავშირში მყოფი ადამიანებით. 50 ადამიანზე მეტი. ყველამ. ხაზს ვუსვამ ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ არათუ ამ კონკრეტულ საქმეზე, არამედ არასდროს არ მიმიმართავს მათთვის არანაირი თხოვნით.

რა გამოდის? თუ თქვენთან მოდის სუს-ის თანამშრომელი, მაშინ თქვენი განეიტრალება სჭირდებოდა სამართალდამცავ უწყებებს-სუს-ს…

არ ვიცი, 2  წელიწად ნახევარი გავიდა, რაც ციხიდან გამოვედი, 2 წელი გრძელდებოდა ეს სასამართლოები, დღემდე ვერ ამოვხსენი ვის რა დავუშავე. მე არ ვიყავი იმ რანგის პოლიტიკური ფიგურა… უბრალოდ, ხშირად ვჩნდებოდი ეთერებში, ვიყავი საჯარო მოხელე, აქტიური სამოქალაქო ადამიანი.  მე არ ვიყავი პოლიტიკური ფიგურა და იმ რანგის თანამდებობის პირი, რომ ვინმესთან მქონოდა რაიმე კონფლიქტური კვეთა. პატარა ვიყავი ასაკით, დიდ ამბებში რომ ვყოფილიყავი ვიღაცეებთან. მაგრამ, ასე გადაწყდა.

როდესაც  ასეთ საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, გადაწყვეტილებას  ვინ იღებს ხოლმე? ცხადია უწყების ხელმძღვანელი პირები. ყველამ კარგად ვიცით, რიგითი თანამშრომლები დამოუკიდებლად ვერ/ არ მოქმედებენ, ისინი იღებენ დავალებას, და იწყებენ მოქმედებას.

ერთი პრინციპი მაქვს და ასე გეტყვით: არ არის სწორი, როცა იმ ადამიანებზე, ვისთანაც საერთო წარსული გქონდა, გამოხვიდე და რაღაცები ილაპარაკო… არ მჩვევია ასეთი რამ… მირჩევნია ვისაუბრო მომავალზე და აწმყოზე. კიდევ ერთხელ ვიძახი, ფაქტია რომ ასე გადაწყდა, ძალიან კვალიფიციური პირი მემუშავებოდა მთელი თვე. ასე ჰაერიდან არ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ესეც ფაქტია…

ყველაფერზე რომ იფიქრო, ამ დროს, შეიძლება ემოციებმა ძალიან  გატკინოს გული. უბრალოდ, გავიხედე წინ. მე რომ გავჩერებულიყავი და მეფიქრა, ამან ეს რატომ გააკეთა, ეს რატომ მოხდა, ეს გადამიყვანდა ჭკუიდან. იმდენი რამ უნდა გამომესწორებინა ჩემს ცხოვრებაში, რომ დამიჯერე მაგის გარკვევის ნერვები არ მქონდა.

თუმცა, იმ გუნდთან, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა აღარ გააგრძელე…

2017 წლის 11 ივლისის შემდეგ, როდესაც მე დამაკავეს მე და „ქართული ოცნება“, ერთობლიობაში, დასრულდა. ფაქტობრივად, მამლის ყივილამდე ძალიან ბევრმა უარმყო, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომლეთანაც დღემდე მაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ბევრი კომპლიმენტი და მადლობა მინდა ვუთხრა მათ. თითზე ჩამოსათვლელად მყავს…

თქვით, მამლის ყივილამდე უარმყესო და ყველაზე მეტად ვისგან იყო ეს დამოკიდებულება საწყენი?

მოდი არ გამოვყოთ. არ შევდივარ არავისთან პოლემიკაში, დეტალებში. იყო ფაქტი, მე ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა რომ ვთვლიდი თავს ამ გუნდის ნაწილად, მეტიც ვიყავი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. მაქვს ჩემი მცირე წვლილი შეტანილი და აგური დადებული მათი ამ დარგის მშენებლობაში.  დავუშვათ, დავაშავე, წავედი. ჩემი ოჯახი იყო, შვილი მყავდა, ვინმეს ერთი ფოჩიანი კანფეტიც კი არ მიუტანია ჩემი შვილისთვის, 4-5 ადამიანის გარდა, რომელიც ეხმიანებოდა ჩემს ოჯახს და ეხმარებოდა.

პოლიტიკური მეგობრობა მირაჟი ყოფილა?

კიდევ ერთხელ ექსკლუზიურად გეტყვით თქვენ:  ერთი არაჩვეულებრივი ადამიანია, ოთო ჩრდილელი, მართლა მაგარი კაცი. რომელიც, ჩემს მეუღლეს თხოვდა შეხვედრას, ატყუებდა ოთოს ვალი მქონდა და გიბრუნებ ყოველ თვეო. ოთოს ჩაურიცხე ანგარიშზეო. მე რომ გამოვედი გარეთ, ჩემმა მეუღლემ დამახვედრა ფული. ეს რა ფულია-მეთქი?! ოთომ ვალი დაგუბრუნაო. გამოვშტერდი, რა ფული-მეთქი?! აი, ეს გააკეთა ოთო ჩრდილელმა… სთხოვდა შეხვედრას, ვითომ ამბის მოსაყოლად და აქეთ  უხდიდა ბოდიშს, არ მაქვს მეტი საშუალებაო, ვალს პირდაპირ ვერ გიბრუნებო. დეას მართლა ეგონა  ვალი ჰქონდა ოთოს ჩემი.

ციხეში ყოფნის დროს შენი ოჯახის წევრების მიმართ, შენი მეუღლის მიმართ იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლები?

როცა მე დამაკავეს მაშინ დაქორწინებული არ ვიყავი, შეყვარებულები ვიყავით. ჩვენ დავქორწინდით ციხეში. დაქორწინებას ვაპირებდით, ორივე ვმუშაობდით. რომ დამიჭირეს დეა უმუშევარი დარჩა, მარტივად ძალიან, როგორც ხდება ხოლმე… არ ვილაპარაკებ ამაზე, მოდი ვთქვათ, რომ – არა.

რასაც თქვენ აპროტესტებდით მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებაში იყავით, არასამართლიან დაჭერებს, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმას, ზუსტად ისე დაგიჭირეს… არ იყო ეს მძიმე დარტმა თქვენთვის?

კი… სწორად დასვით კითხვა… იცი, ჩემი გუშინდელი პოსტი, რომელიც უგულავასა და ოქრუაშვილზე დავწერე, რას ემსახურებოდა? ადამიანურად გითხრა? მართლა გულწრფელად შემშურდა. არ მეგონა ამას ცხოვრებაში თუ ვიტყოდი. ვუყურებ ბოლო რამდენიმე წელია და თვეა, როგორ დაუდგა თავისი პარტია თუნდაც დამნაშავეს გვერდით. როგორ დაუდგნენ ადამიანს გვერდით, თუნდაც მილიარდი მოეპარა, გამოიყვანეს ციხიდან. მთელს მსოფლიოს გააგებინეს.

და მე რა გამიკეთეს? 26 წლის ბიჭი გამომიყვანეს სახალხო მტერი. ოთო აბესაძე  გახადეს საქართველოში კორუფციის სიმბოლო. ამაზე ვგიჟდები, მართლა მეცინება…

ციხეში საკმაოდ გაგირთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა… მაშინ ადვოკატები არ ამბობდნენ კონკრეტულად რა დაგემართა…

ჩემი ციხიდან გამოშვება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოხდა,  ინსულტი მომივიდა. ამას ჩემი ოჯახი არ ავრცელებდა, არ იყო ამის აუცილებლობა. წელიწადი და 2 თვე დამჭირდა, რომ მემკურნალა და სწრაფად რომ ვლაპარაკობ მაგის ბრალია, ვერ ჩამოვიყალიბე კიდევ ბოლომდე პირის აპარატი. მთელი ცხოვრება უნდა ვიმკურნალო, რომ აღარ გამიმეორდეს ეს რაღაც საშინელი დაავადება. 6 თვე თითქმის ვერ ვლაპარაკობდი.

საჯარო მოხელეების თემაზე ასეთი რეზონანსული და „გაპიარებული“ საქმე ფაქტობრივად არ ყოფილა…

მოდი ასე გეტყვით, მე რომ ფულის კეთება მდომებოდა, ბევრად უფრო მაღალ თანამდებობაზე ვიყავი 4 წელი, ვიდრე მერიაში. მინისტრის მრჩეველი ვიყავი. ვიცე პრემიერის მრჩეველი ვიყავი, მერე განათლების მინისტრის მრჩეველი. მე რომ ქრთამის აღება მდომოდა ამას ბევრად მაღალი სტატუსის ქვეშ გავაკეთებდი. მაგიტომ დავიწყე ინტერვიუ ასე, ერთი ადამიანი მაინც გამოვიდეს და თქვას, რომ ვინმესთვის რამე მითხოვია და არასდროს საჯაროდ ხმას აღარ გავიღებ.

თქვენი მერიაში მუშაობა საკმაოდ სკანდალურ პერიოდს დაემთხვა, დავით ნარმანიას მერობა საკმაოდ რეზონანსული იყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა ტენდერები. ვინმეს ინეტერსბთან ხომ არ გადაიკვეთეთ?

არა, არა… ჩემი საქმე ეს არ იყო. ტენდერებთან საერთო არაფერი მქონდა.  მე ვიყავი, ასე ვთქვათ, მერის წარმომადგენელი საკრებულოში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი მოვალეობა იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა. მე როგორ დავპირდებოდი ამ X ადამიანს ნებართვის მიცემას, როცა ამ საქმესთან შეხებაში არ ვიყავი. შეხება მქონდა მერთან, ვიცემერებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. ვინმესთვის რომც მეთქვა, მოდი ამაში დაგეხმარები, მოვატყუებდი. მაშინ უნდა ჩავსულიყავი, მეთხოვა არქიტექტურის სამსახურის უფროსისთვის ან თანამშრომლებისთვის ამას ბევრად უარესი შედეგი მოყვებოდა.

ასე არ ხდება!

მაგრამ თქვენ არ იყავით მხოლოდ მერიის თანამშრომელი, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდათ პარტიასთანაც…

კი ბატონო, რა თქმა უნდა…. და მაინც, მოხდა ისე, რომ 2 წელი და 3 თვე დავდიოდი სასამართლოში. მინდა ღიად ვთქვა, რომ საკმაოდ ღირსეული მოსამართლე იყო. ქალბატონი ნინა ნაჭყებია,  არ დავმალავ ამას. ერთი წამით არ მიგრძვნია მისგან არაობიექტურობა. მადლობა მას ამისთვის! ყველა დეტალში ვგრძნობდი, რომ მოსამართლე ითვალისწინებდა ჩემს პოზიციას. ძალიან მაგარი ქალბატონია და დიდი პატივისცემა ჩემგან!

პარტიაში კავშირებზე გკითხეთ. არჩევნებში აპირებდით მონაწილეობის მიღებას, ასეთ დროს კი გადაწყვეტილებას პარტია იღებს. იქ ხომ არ შეუშალეთ ვინმეს ხელი?

მანდ ვარ მეც, ეგ კითხვა მეც მიჩნდება. ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია ოჯახში, სამეგობროში ამაზე. პარტიული კუთხით, „რომელიმე ბანაკი“, როცა მე  იქ ვიყავი, არ არსებობდა. მთავრობას ერთი უფროსი ჰყავდა. შესაბამისად, მაგ ლოგიკაში ვერ გამოგყვებით. ვიყავი თავის დროზე ახალგაზრდულის ხელმძღვანელი. არავის „ბანაკში“ არ ვყოფილვარ.  მქონდა ოცნების პოზიციების დაცვის კუთხით საეთერო გამოსვლები. მორჩა…

საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც თქვენი „კორუფციის თემა“ კარგად გააპიარეს, ბრალი შეგეცვალათ…

ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. 2 წელი და 3 თვე გრძელდებოდა სასამართლო იმისთვის, რომ შემცვლოდა ბრალი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ეს კორუფცია და ქრთამი მომშორებოდა ჩემს სახელს. როდესაც ეს მუხლი შეიცვალა, შემდეგ ბრალად წამოვიდა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ჩემთვის უმნიშვნელო ფაქტობრივად – არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა.

განაჩენში  სიტყვა-სიტყვით წერია ჩემი ციტატა: „ჩემი პირადი კონტაქტებით შევძლებ დაგეხმარო“ და ეს ითარგმნა როგორც, არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა. გავიარე კონსულტაცია ჩემს ადვოკატებთან, ამაზე დავა კიდევ მინიმუმ 1 წელი გაგრძელდებოდა და ამასობაში, ძალიან ბევრი საქმე მიფუჭდებოდა. ამიტომ, ჩემივე ხელით მოვაწერე საპროცესოზე ხელი. უნდა დამეტოვებინა ქვეყანა, საქმეები ამეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კუთხით და ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მთავარია ქრთამის მუხლი იყო მოხსნილი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორი პირობები გქონდათ ციხეში?

ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, თან გადამყვნენ! პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას. უგულავამაც ეგ თქვა, რომ გამოვიდა, ექიმებს გადაუხადა მადლობა. მართლაც არის არაჩვეულებრივი პირობები, აბსოლუტურად მოწესრიგებულია ყველაფერი, რაც ჭირდება პატიმარს და ბენეფიციარს, რომ თავი იგრძნოს ადამიანად.

ისეთები ხდებოდა ადრე ციხეებში, ახლა რადიკალურად განსხვევებული სიტუაციაა. წინა ხელისუფლების დროს, რადიოს ჩართვაც არ შეიძლებოდა, ახლა საკაბელო ტელევიზიაც კი ხელმისაწვდომია. კვებისა და სამედიცინო კომპონენტი, მათ შორის ფქსიქოლოგის სამსახურებიც გამართულია. ზრუნავენ რომ შენ იქ არ იყო ძალიან ცუდად. მეტიც, ჩემს შემთხვევაში, როცა მე ძალიან მძიმე დაავადება მქონდა, საჯარო სავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც პალატაში ვიყავი, ჩვეულებრივად არაპატიმარ ადამიანებთან ერთად.

ჩაფიძის გულის კლინიკაში, პალატაში ჩემთან ერთად იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ველაპარაკებოდი.

კურიოზსაც გეტყვით: გულის ტესტი ჩამიტარეს. ბევრ რამეს გიკეთებენ მთელს სხეულზე, ტანზე ხელზე… უნდა იარო ბევრი, მთელს დერეფანში. მაშინ შენობაში მოწევა შეიძლებოდა და დავდივარ და უკან დამყვება ორი ბადრაგის თანამშრომელი, სწრაფად უნდა მევლო და ვერ მეწევიან… ერთი ვიღაც დგას დერეფანმში და ეწევა სიგარეტს და ჩემს დანახვაზე უცებ დააგდო და მეკითხება : ბიჭო „პაბეგში“ ხარო?

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ხომ არ შეგიმჩნევია რაიმე საეჭვო დამოკიდებულება თქვენს მიმართ, თუნდაც ხელმძღვანელობის მხრიდან?

ექსკლუზიურად გეუბნები, დაკავებიდან რამდენიმე კვირით ადრე მქონდა კონსულტაციები საარჩევნო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, შევხვდი უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს. გვქონდა კონსულტაციები, რომ საარჩევნო პროცესში ვყოფილიყავი ჩართული უკვე როგორც პოლიტიკოსი, დეპუტატი.

რომელი რაიონის დეპუტატი?

მაშინ საუბარი იყო საკრებულოს არჩევნებზე. 2017 წელს. არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ამაზე კონსულტაცია ტოპ პოლიტიკურ პირებთან მქონდა. არა მხოლოდ კომუნიკაცია, მეტიც – დიალოგი. არ დაგიმალავ, და 11 ივლისს დამაკავეს და 15 ივლისს საბოლოო მოლაპარაკებაზე ვჯდებოდით უკვე…  წარმოიდგინე, 11-ში თურმე ქრთამს ვიღებ და 15-ში ველოდები პოლიტიკურ ვერდიქტს, ხო მაგარია?

საინტერესოდ ემთხვევა სხვათა შორის ყველა დეტალი ერთმანეთს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ ეს დაკავება…

აქ კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი: მე რომ „ქრთამი ავიღე“ მერიაში უკვე დაწერილი მქონდა განცხადება წამოსვლის თაობაზე. 1 ივლისს დავწერე განცხადება. მარტივად შევხედოთ, მე რომ მაგ ტიპისთვის ფულის გამორთმევა მდომოდა, ხომ ვეტყოდი, საარჩევნო კამპანიაში შევდივარ და იქ ჩარიცხე ან შეიტანე ფულიო. ხო მორჩებოდა ყველაფერი?

ძალიან კარგად  გიცნობთ გიორგი მარგველაშვილი, ვისი პრეზიდენტობის დროსაც მოხდა თქვენი დაკავება. შეგაწიათ რამე სიტყვა?

2015 წლის შემდეგ მე გიორგი არ მინახავს, კონტაქტი არ მქონია არანაირი. 2015 წელს ჩვენი ბოლო კონტაქტი შედგა, მასთან ვიყავი დუშეთში, მოვიკითხე, გავიცანი მისი შვილი. მეტი კომუნიკაცია მასთან არ მქონია.

პოსტი წავიკითხე თქვენი, ოქრუაშვილის და უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით…მერე, ინტერვიუში მითხარით, ადამიანურად შემშურდა მათიო…

ამ პოსტს ერთადერთი პათოსი ჰქონა, ადამიანურად შემშურდა, მართლა. თუ როგორ დაუდგა თავისი გუნდი გვერდით. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ თუნდაც დამნაშავე გამოეყვანათ და გვერდით ჰყოლოდათ.

ძალიან საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. როცა „ოცნებაში“ იყავით, მათი მხარდამჭერი, მათზე მუშაობდი,თ ასე წარმოგედგინათ მოვლენების განვითარება?

თქვენ ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტი ხართ და გამიგებთ პირდაპირ რასაც გეტყვით: 2017  წლის 11 ივლისის ჩათვლით, რა დოზის გავლენაც მე მქონდა „ქართულ ოცნებაში“, იმ დოზის პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად, მაგრამ იმის იქით – არა. აწმყოსა და მომავალზე მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, მე მაქვს ჩემი. მე აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგით ვცხოვრობ, მათ სულ სხვა მიზნები აქვთ. დღეს ისინი სსხვა პოზიციას წარმოადგენენ, მე ვარ მეცნიერი, პროფესორი საქართველოსა და ევროპაში. შესაბამისად მათი გეგმები, მოცემულობა რა არის არ ვიცი და რაც შეეხება პოლიტიკურ გარემოს, რა ამბებიც არის ატეხილი, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, როგორც ქართველი, ვამბობ რომ არ არის სასიამოვნო, რა თქმა უნდა. ეს ჩემი ქვეყანაა და მიყვარს, მინდა სულ კარგი იწერებოდეს.

ერთ რამეს ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“ მართლა გულწრფელად. არ აქვს რომელი კონგრესმენი ილაპარაკებს საქართველოზე, ის „ნაცებთან“ თუ „ევრონაცებთან“ იქნება ასოცირებული, მაგალითად ბელგიაში ამ ინფორმაციას რომ ეცნობიან, არავინ არჩევს ეს კონგრესმენი „ნაცის“ ახლობელია თუ „ქოცის“, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ეს არის მტკივნეული. თავის დროზე, ბევრი უნდა ემუშავათ ამაზე.

მას შემდეგ, რაც  საპატიმრო დატოვეთ, ხომ არ შემიუთავაზებიათ თქვენთვის სამსახური „ოცნებას“?

მე დღემდე არანაირი კონტაქტი არ მქონია არავისთან. გარდა რამდენიმე პერსონალური კონტაქტისა, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და მთელი ჩემი ცხოვრება  ჩემი მეგობრები იქნებიან. ამას ვამბობ საჯაროდ და ღიად, არანაირი კონტაქტი და შემოთავაზება არ მქონია. პრინციპში, ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, ერთგვარად ჩავიკეტე პრესისთვის. დავიწყე, წმინდად სამეცნიერო კვლევითი მუშაობა, ისეთი რაღაცები გავაკეთე რაც ქართველისთვის უცხო აღმოჩნდა.

გირაოს ქვეშ გავხდი 4 წამყვანი ქართული უნივერისტეტის პროფესორი და ევროპის სხვადასხვა უნივერისტეტების მიწვეული ლექტორი. არც მქონია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემოთავაზებას, არ დავმალავ და “ოცნებისგან“ არა, მაგრამ სხვებისგან ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ მეთანამშრომლა გარკვეული კუთხით, მაგრამ აქაც მეცნიერებამ გადაწონა იმ ეტაპზე.

ახლა რას აკეთებთ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საიმედო სიტყვა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უსამართლოდ მოუხდათ სასჯელის მოხდა. ასეთები ყოველთვის იყვნენ საქართველოში, არიან და სამწუხაროდ, კიდევ იქნებიან. ასე ხდებოდა ყველა ხელისუფლების დროს. ბევრი გამოვიდა ციხიდან და ვეღარ აეწყო ამ სოციუმს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმის თქმა, რომ ამით ყველაფერი არ მტავრდება.

ჩემ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ის ნახევარი წელი რაც გავატარე ციხეში ღირსი ვიყავი, რადგან იმ ასაკში არ მეყო გამოცდილება, რომ არ წამოვგებოდი პროვოკაციას. უნდა დაუკვირდე ძალიან ბევრ რამეს.

ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და გამოსულა ციდიხან, მინდა მათთვის მაგალითი ვიყო. ამით არ მთავრდება ცხოვრება. მე ცხოვრება ნოლიდან არ დამიწყია. ძალიან ბევრი მინუსიდან დავიწყე, ასეთი დაავადებით, 6 ციფრიანი ვალით და უაზროდ შელახული რეპუტაციით.

10 ათასმა ადამიანმა მოაწერა ჩემს გირაოზე თავდებში ჩადგომის პეტიციას ხელი. რომ ვთვლიდი, რომ ძალიან შემელახა რეპუტაცია, ეს თურმე ასე არ ყოფილა. აბსოლუტურად უცხო ადამიანებისგან იმხელა სითბო მივიღე, ისეთი ხელის გამოწვდენები, რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ჩემთვის სტიმული იყო ჩემი ოჯახი და ჩემი მეუღლე პირველ რიგში. დავჯექი და ვიმუშავე. ვიტაქსავე კიდეც, არ დაგიმალავთ. და რაც მთავარია, ვეცადე გამეკეთებია ის, რაც ყველაზე მეტად გამომდიოდა და მართლაც გავაკეთე ძალიან მაგრად.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე. საქართველო გავიტანე ევროპის უნივერსიტეტების აუდიტორიაში და ეს მეამაყება. სადღაც რომ მივდივარ და ეწერება სალექციო გრაფაში პროფ. ოთო აბესაძე – „ჯორჯია“, მაგალითად გერმანიაში,  რიგაში, ან სხვაგან ჩემთვის სიამაყეა. ჩემი წილი საქართველო ასე შემყავს ევროპაში. აუცილებლად მოვახმარ ჩემს გამოცდილებას და ჩემს რესუსრს ჩემს ქვეყანას, იმიტომ რომ მე მიყვარს ეს ქვეყანა. ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ ამ ქვეყანაში. ყოველთვის დავიცავ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ასეთი პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ და ამას არ დავუშვებ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნიუანსებს, ამ ეტაპზე შემოთავაზებების მიუხედავად ვრჩები იმ პოზიციაზე რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, სამეცნიერო კონტექსტი, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი აქტიური მოქალაქე ვიყო, დავბრუნდები საჯარო სივრცეში ძალიან აქტიურად.

ინტერვიუ მოამზადა: თამარ ლეფსვერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად