“მამაჩემს ეუბნებოდნენ სპორტიდან გამოიყვანე და ამუშავეო”–ინტერვიუ მსოფლიოს 6 გზის ჩემპიონთან

სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი ჯერ მხოლოდ 28 წლის არის, თუმცა საქართველო და მსოფლიო თავისი შესაძლებლობებით უკვე არაერთგზის გააოცა. სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატი 6-ჯერ, ხოლო  ევროპის ჩემპიონატი  4-ჯერ მოიგო, ასევე ევროპის თამაშების გამარჯვებულია.

ვახტანგ ჩიდრაშვილი დასახელდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში.

 პროფესიული წარმატების გასაღებად  მოტივაციას და მოთმინებას ასახელებს. ამბობს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და სამომავლოდაც არაერთხელ გეგმავს გულშემატკივრის გახარებას.  როგორ გახდა პატარა ბიჭი ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი,რა გზა განვლო წარმატებამდე და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ,,აიპრესის,, ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რატომ და როდის გადაწყვიტეთ სპორტში წასვლა, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

– თავდაპირველად, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მამაჩემმა მიმიყვანა დაახლოებით 7 წლის ასაკში. მოვხვდით ჭიდაობის დარბაზში, საიდანაც აღარ გამოგვიშვეს, იქ დამხვდა გივი ფოთოლაშვილი, რომელიც არის ჩემი პირადი მწვრთნელი, ასე შემოვრჩი.

შეიძლება ვთქვათ, რომ თავიდან დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი სპორტის ამ სახეობით, თუმცა შემდეგ უკვე  გადაიზარდა სიყვარულში.  ხშირად ტარდებოდა შეჯიბრებები ახალგაზრდებში, ჭაბუკებში, მეც მინდოდა ამ დონეზე მისვლა.  ჭაბუკებში  ვიჭიდავე ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ვეღარ ვიჭიდავე. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი არის აპრილში, ხოლო ახალგაზრდა ჭაბუკების და  მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში. შუა პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იყო, აგვისტოში მოხდა ომი და თანხები აღარ იყო, რომ მეც წავსულიყავი ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე. საბოლოოდ, გუნდი კი წავიდა,მაგრამ ჩემი წასვლა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, სულ რაღაც 1100 ლარი სჭირდებოდა ამას, მაგრამ ბიუჯეტი იმ დროს არ იძლეოდა  საშუალებას.

ამის შემდეგ უკვე  ორწლიანი წყვეტა იყო ჩემს სპორტულ კარიერაში, არასწორი დაცემის გამო, თავზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. როდესაც დავბრუნდი 2011 წელს ვიჭიდავე ახალგაზრდებში, ევროპაც ვიჭიდავე, მსოფლიოც – მეორე ადგილები ავიღე, მერე უკვე დაიწყო ,,დიდი სპორტი,,.

,,დიდი სპორტი,,უფრო მეტი პერსპექტივაა, უფრო მეტად გამოგაჩენს, ახალგაზრდებში შეიძლება გაიმარჯვო,მაგრამ ეს იმდენად არ გამოჩნდება.  როდესაც გახდები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი,ნიშნავს რომ ოქროს ასოებით შედის ადამიანი ისტორიაში და სანამ მზე იკაშკაშებს და ქვეყანა იარსებობს,მანამდე იარსებებს შენი სახელიც.

– რა ან ვინ იყო მოტივაცია, რის გამოც  მოხვედით აქამდე, ვინ შეუწყო ხელი თქვენს პროფესიულ  განვითარებას?

–  არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მწვრთნელი გივი ფოთოლაშვილი, რომელიც უწესიერესი ადამიანია, ვინც ჩემს გამოც და ნებისმიერი სპორტსმენის გამოც დღეს არ აცდენდა ვარჯიშზე, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ცდილობდა რომ ყოფილიყო ჩვენს გვერდით,მოეცა მაგალითი, თუ როგორები უნდა ვყოფილიყავით.

აქედან გამომდინარე, იმედებს ვეღარ გავიცრუებდი, მეც ანალოგიურად ვიქცეოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ ყველაფრის შემდეგ.

პირველ რიგში, შენი თავის მოტივაცია თვითონვე ხარ, როდესაც ჩაიდებ რაღაცას გულში და ფიქრობ, რომ შენ ეს უნდა გააკეთო და შენს თავსაც დააჯერებ ამას, მაშინ ყველაფერი გამოვა. ბევრსაც  ბევრი უწვალია, ბერვი უშრომია, მაგრამ არ დაფასებია,მაგრამ ღვთის წყალობით მე შრომაც დამიფასდა და რა ჩანაფიქრიც მქონდა ისიც გამომივიდა.

–  როგორი იყო გზა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობამდე?

– ჯანმრთელობას რაც შეეხება, იმ ერთი ოპერაციის გარდა, სხვა სერიოზული პრობლემები არ მქონია საბედნიეროდ. იყო მოტეხილობები, ამოვარდნები მაგრამ ეს მსუბუქი ტრავმები იყო. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მე გლეხის ოჯახში ვარ გაზრდილი. როდესაც სავარჯიშოდ გამოდიხარ ყოველდღიურად, სულ გჭირდება სახარჯი ფული თუნდაც ტრანსპორტისთვის, კვებისთვის, როდესაც მთელი დღის მანძილზე ამდენ ენერგიას ხარჯავ. ყოველთვის ვიყავი ჩემი მშობლების ხარჯზე, სანამ დამენიშნებოდა მცირე ხელფასი.

პირველი ხელფასი, 300 ლარი 2011 წელს ავიღე. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ხედავ რომ შრომა გიფასდება, აქ თანხას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, შემდეგ უკვე ეტაპობრივად იზრდებოდა ჩემი ანაზღაურება.

იყო გაჭირვება, ჩემებისთვის ადვილი არ იყო ჩემი განვითარების ფინანსური ხელშეწყობა, ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ შრომით და წვალებით. მამაჩემითვის ბევრსაც უთქვია, რომ რად გინდა რომ ატარებ სპორტზე,გამოიყვანე და შენს გვერდით დაიყენე, ამუშავეო. ყველა ელოდებოდა რომ რატომღაც 17 წლის ასაკში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი. ეხლაც რომ გადავხედავ ხოლმე, მე ყველაზე დაბალ ასაკში, 22 წლის ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, სამბოს ისტორიაში ამაზე დაბალი ასაკი არ ფიქსირდება. ხდებიან 29-30-31 წლის ასაკში ჩემპიონები და ანებებენ მერე თავს. მე მსოფლიო 6-ჯერ მაქვს ნაჭიდავები და ექვსჯერვე მოვიგე.

–  გაიხსენეთ,პირველი ოქროს მედალი  რომ მიიღეთ, პირველად რომ გახდით ჩემპიონი, როგორი იყო ემოციურად ეს თქვენთვის, რას გრძნობდით?

– სიმართლე გითხრათ, შეიძლება ახალგაზრდებში იყო  ევროპის ან მსოფლიოს  ჩემპიონი და მერე კიდე დიდებში რომ გახდები  მსოფლიოს ჩემპიონი,ემოცია შეიცვალოს, მაგრამ მე მანამდე მე არ ვყოფილვარ ჩემპიონი. 2011წელს  ვიყავი ევროპის პრიზიორი და შემდეგ უკვე დიდებში საქართველო მოვიგე, შემდეგ უკვე მსოფლიოზეც მეორე ადგილი ავიღე. 2012 წლიდან აქტიურად ჩავერთეთ სხვადასხვა ტურნირებში, 2013 წლიდან კი დავდექი დიდებში. გაგვიყვანეს   ანატოლი ხალამპიევის სახელობის ტურნირზე, სადაც მონაწილეობს ძალიან  ბევრი რუსი, იმდენად ძლიერები არიან რომ შეუძლიათ პირველიდან რვა ნომრამდე იჭიდაონ. იქ ვეჭიდავე საიან ხერტეკს, სხვათაშორის მაშინ მან მომიგო, იმიტომ რომ ვერ ვიყავი იმდენად გამოცდილი, ხერტეკი კი  ჩემზე ოთხი წლით დიდი იყო, რუსეთში ნომერ პირველი, გამოცდილი სპორტსმენი და დავმარცხდი.  შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მეორე ადგილი ავიღე.ფინალი შეიძლება ითქვას, ,,სასაცილოდ,, წავაგე – ვიგებდი შეხვედრას 4 წუთის და 53 წამის განმავლობაში, მოგებამდე 7 წამი მქონდა დარჩენილი. პირველივე დაჯახებისთანავე მოვიპოვე 1 ქულა, ბოლო წამებია, ვჭიდაობთ და უცბათ  ქულაზე დავეცი. ჩვენთან ასეთი წესია –  დროის დამატება არ არსებობს, ქულა ქულას უგებს, ვინც ბოლოს აიღებს ქულას, ის იგებს და ბოლო ქულით წავაგე 1:1 ზუსტად 7 წამში. სხვა არაფერ შუაში იყო,ჩემ თავზე ვიყავი ძალიან გაბრაზებული. შიგნით შენ ხარ, შენ ეჭიდავები მოწინააღმდეგეს, წარმატებასაც შენვე აღწევ და შეცდომასაც შენვე უშვებ,ვერავის დააბრალებ. ამ მარცხის შემდეგ ვივარჯიშე მთელი ზაფხული,ჩემი ტოლები რომ ერთობოდნენ მე განუწყვეტლად ვვარჯიშობდი,შრომა ჩავდე,ვიწვალე და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატიც მოვიდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვიგე ხუთი შეხვედრა და  როგორც სამბოს ენაზე ამბობენ,  ხუთივე ,,ჩისტი,,. ისე ვიყავი მომზადებული, რომ დროზე ადრე მოვიგე თითქმის ყველა შეხვედრა. მითუმეტეს, ჩემ წონით კატეგორიაში  იყო ორი ევროპის ჩემპიონი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ამავე წონაში, იყვნენ ევროპის და მსოფლიოს პრიზიორები, ახალგაზრდების ჩემპიონები და პრიზორები და იმ დროისთვის უძლიერესი რუსი სპორტსმენი აიმერგენ ატკუნოვი.

პირველი სამი შეხვედრა მოვიგე მთლიანობაში ერთ წუთში,შემდეგ  უკვე ამ სპორტსმენს ატკუნოვს ვხვდებოდი და ისეთი მაგრად ვიყავი ფიზკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მომზადებული, რომ  არარსებული იყო რომ ვერ მომეგო. ამასაც მოვუგე, ყველა გაოგნებული იყო, ყვიროდნენშენ ჩამპიონი ხარო. ფინალში ბელორუსს ვხვდებოდი, მახსოვს 23 ნოემბერი იყო, გიორგობა, ეკრანს რომ გავხედე ამოვიდა სპორტსმენების გვარები, მე წითელი ჩოხით გავდიოდი, მოწინააღმდეგეს კი ლურჯი ეცვა, მაშინ გავიფიქრე რომ აუცილებლად მოვიგებდი, ანგარიშით 5 :1 მოვუგე,ოჯახის წევრები ვერ მიყურებდნენ. როგორც კი გავიაზრე რა მოხდა წამოვხტი,  დავრბოდი ტატამზე და ვყვიროდი.

მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, სანამ ამ ჩემპიონატზე წავიდოდი,წონა მქონდა ძალიან დაკლებული და მამაჩემს უთქვამს ბიჭებისთვის, სულ არ მინდა ამის გამარჯვება, ისეთი გამხდარია ნეტა ჯანმრთელად  მაინც მიაღწიოს იქამდეო. სახლში რომ დავრეკე და ვუთხარი ჩემი ამბავი თავიდან ვერ დაიჯერეს. მეორე დღეს ფეისბუქზე რომ შევედი, სულ აჭრელებული იყო ჩემი ფოტოებით, ნელნელა გავიაზრე და მივხვდი რაც ხდებოდა ჩემ თავს.

– რუს მეტოქეს, საიან ხერტეკს რამდენჯერმე მოუგეთ. როგორი შეგრძნებაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან იმარჯვებ, რა განცდა გქონდათ ამ დროს?

– ეს კითხვა სხვა დროსაც დაუსვამთ ჩემთვის. ჩემთვის ყველა მეტოქე მეტოქეა, არ აქვს განსხვავება რა ეროვნების არის. უბრალოდ შენ პიროვნებას უგებ და როდესაც ხდები ჩემპიონი ის გიხარია, თორემ ვის მოუგე და რას მოუე ეგ მეორე პლანზე გადადის. ეს  პიროვნება სხვათაშორის, ერთიდაიგივე ანგარიშით 1:0 რამოდენიმეჯერ დავამარცხე. დიდ სპორტში, ზოგადად 1:0-ზე მოგება ურთულესია, როდესაც პიროვნება ამ ანგარიშით აგებს, გიტევს რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს, აკეთებს ყველაფერს და აქ უკვე შენ გაქვს დასაკარგი და ქულის შენარჩუნება ხდება ძნელი.

რატომღაც როდესაც  ხერტეკი მხვდება სულ ასე ხდება,  ქულას ვიღებ, ვინარჩუნებ და მეგობრებიც კი მეხუმრებიან ხოლმე ან წააქციე, ან დაეხეთქებინე შენო ( იცინის )

–  ამდენი წარმატების ფონზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაფასებული ხართ დღეს როგორც სპორტსმენი, თუ გრძნობთ ხალხის სიყვარულს ?

– სიყვარულს  ვგრძნობ, რა თქმა უნდა. სადაც არ უნდა მივიდე, თავს ვგრძნობ დაფასებულად. ყველას რომ უყავრხარ და მათ თავლებში ხედავ ამ სიყვარულს და პატივისცემას. მაგალითად,  ევროპული თამაშებიდან რომ ჩამოვედი,  ბევრი უცხო ადამიანის თვალებში დავინახე რომ უნდოდათ მოსვლა, მიცინოდნენ, მაგრამ ვერ მოდიოდნენ რატომ არ ვიცი, ბევრმა უცხომაც  მომილოცა. ეს ყველაფერი არის სტიმული. ფიქრობ, რომ შენ ხარ ის პიროვნება ვინც საქართველოს ასახელებს.  შენი ქვეყნის გამო ყველაფერი უნდა გააკეთო და არამხოლოდ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის ვინც გგულშემატკივრობს და შენი წარმატება უხარია. ჩარჩოებში უნდა ჯდებოდე ყოველთვის, ისეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რომ ვინმეს შთაბეჭდილება დააკარგვინო.

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტულ კარიერას?

– წარმატებისთვის პირველ რიგში ორი რამ არის საჭირო,  ბევრი უნდა ივარჯიშო და უნდა იყო მომთმენი. შემდეგ უკვე თავის თავს უნდა შემოუძახონ, რომ ისინი არიან ძლიერები.სპორტსმენი დროს კარგავს, როდესაც წარმატებას ვერ აღწევს. მაგალითად, მე ახლა 28 წლის ვარ, 21 წელი რომ ვერაფერი ვერ გამეკეთებინა, ამ ოქროს წლებს, ახალგაზრდულ წლებს  დავკარგავდი. თავდაუზოგავი ვარჯიშის გამო ბევრი მნიშვნელოვანი დღე მაქვს გამოტოვებული, მაგალითად მეგობრის ქორწილი, დაბადების დღე და ა.შ. ეს დღეები ხომ დაიკარგა.ამით მე იმის თქმა მინდა, რომ თუ შენ თავს არ შემოუძახებ, თუ არ იქნები პირველი, თუ არ იქნები ძლიერი, წარმატებას არ მიაღწევ, მოეშვები და იტყვი, რომ დღეს არა და ხვალ ვივარჯიშებ, წლები გაგიფრინდება და დაიკარგება.ამიტომ მთავარია მოტივაცია, საკუთარი თავის გამხნევება.  მქონია პერიოდები, როდესაც ჩემ თავს თვითონ ვამხნევებდი და ჩემი ნაკრების მწვრთნელს ჯონდო მუზაშვილს ხშირად აღუნიშნავს ხოლმე, რომ სერიოზული შემართება მქონდა. როდესაც იცი საკუთარი თავის სუსტი და ძლიერი მხარეები და ამ სუსტ მხარესაც თავად გაიძლიერებ, ეს არის ყველაზე კარგი. უმეტეს შემთხვევაში კი სპორტსმენების სუსტი მხარე სიზარმაცეა ხოლმე.

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რას უნდა ელოდოს თქვენი გულშემატკივარი თქვენგან?

– მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ძალიან დიდი იმედების მიცემა ხალხისთვის, როდესაც შეიძლება მე არა,მაგრამ ჩემმა ტრავმებმა გააცრუონ ეს იმედები, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს შორის იმდენად მცირე შუალედია რომ ამ დროში რა მოხდება არავინ იცის. ამ ეტაპზე ვვარჯიშობ, ვარ შემართებით და იმ სულისკვეთებით რომლითაც აქამდე ვიყავი. იმ ხალხის გამო ვინც გვერდით მიდგას, ვისაც ჩემი იმედი აქვს, ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის გამო მაქსიმუმს გავაკეთებ. ვიბრძოლებ, ვიშორმებ, დანამდვილებით  ვერ ვიტყვი რომ კიდევ შეიძლება ჩემპიონი  გავხდე,მაგრამ არც იმას ვიტყვი რომ ვეღარ გავხდები, თუ მოვინდომებ ყველაფერი გამოვა.

 

ავტორი: ნათია ნანაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად