მამა პეტრე კოლხი: “ნებისმიერი თემა უნდა იყოს განსახილველი ეკლესიის წიაღში”

25 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმარტა პანელ დისკუსია თემაზე “ღმერთი და თავისუფლება”, სადაც მოწვეული სპიკერი იყო მამა პეტრე კოლხი.

„თავისუფალი აზროვნება არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნდეს პრეტენზია ღირსეული მომავალის შესაქმნელად. ბუნებრივია, რომ ამ დამყაყებულმა აზროვნებამ გამოიწვია პროტესტი და შეუგუებლობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს პროტესტი არასწორი მეთოდებით ვლინდება და შესაბამისად ჩიხში შევდივართ. არასდროს არ არის კრიტიკა მძიმე მოსასმენი თუ ის ობიექტურია, თუ ის მიზნად ისახავს უკეთესი მომავლის შექმნასა და საზოგადოებრივ განვითარებას. ვფიქრობ, განსხვავებული აზრის მოსმენა ყველაზე დიდი კულტურაა, რომლის დეფიციტსაც განიცდის ჩვენი საზოგადოება. ეს არის პრობლემა, რომელმაც გააჩნია ნაპრალი ეკლესიასა და საზოგადოებას შორის.

დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა, უბრალოდ სირაქლემის პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ არ გვინდა, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ. დღეს ე.წ. მორწმუნე, რელიგიური ადამიანები ბევრად უფრო საშიშები არიან საზოგადოებისთვის ვიდრე ის ე.წ. ათეისტები, რომლებიც ძიების პროცესში იმყოფებიან.
ეკლესია არის თავშეყრის ადგილი, სადაც ყველაზე ჯანსაღად შეიძლება შედგეს პაემანი ღმერთსა და ადამიანს შორის, მაგრამ რაღაც დოზით ეკლესიის ადმინისტრაციამ დაუშვა ბევრი შეცდომები თავის დროზე და ამ შეცდომებს ვიმკით ჩვენ.
დღეს მრევლის დიდი ნაწილი არის უფრო ასაკოვანი, ვიდრე ახალგაზრდა. ასე მოხდა იმიტომ, რომ თქვენ თაობას ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა, ლეგიტიმური კითხვები, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს, მაგრამ მეორე მხარეს არ ეყო ძალა, რომ ამ კითხვებისთვის გულწრფელად ეპასუხათ. არ არსებობს ტაბუ დადებული თემა, ნებისმიერი თემა არის განსახილველი, მით უფრო ეკლესის წიაღში, რადგან ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა, წოდებისა, ორიენტაციისა ღვთისთვის არის შვილი და არც ერთ ჩვენგანს არ აქვს უფლება ქრისტეს გზაზე ვინმე დავაბრკოლოთ. აქედან გამომდინარე ამ გაუგებრობამ თაობებს შორის გამოიწვია „ხიდჩატეხილობა“ და გაუცხოება“- განაცხადა მამა პეტრე კოლხმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად