მამა პეტრე კოლხი: ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა, ეს არ არის გამოსავალი

“ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა, ეს არ არის გამოსავალი, გაუძელით”,-ასე მიმართავს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მოზარდებს. ის 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს Facebook-ზე ეხმაურება და მოზარდებს ურჩევს, მეტი წიგნი იკითხონ და ილოცონ.

“ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა. ეს არ არის გამოსავალი. გაუძელით… ყველა ზეწოლას, აგრესიას, ძალადობას გაუძელით და თავი დააღწიეთ… არ დამძიმდეთ, არ გახდეთ მსხვერპლი მედროვეების, პირმოთნეების, სულგაყიდულების, არაადამიანების…
ღმერთს მიმართეთ, უფალს მიენდეთ, ილოცეთ, სხვა გამოსავალზე იფიქრეთ… მეტი წიგნი იკითხეთ…
ანა ფრანკი მეტს უძლებდა, მეტი გადაიტანა…
შეცდომა დაუშვით?! აღიარეთ და გამოასწორეთ… ვითომ საზოგადოების, ვითომ ადამიანების, სინამდვილეში არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ… სიცოცხლეს უმადურად არ გადააბიჯოთ…
გააპროტესტეთ, იხმაურეთ, ისაუბრეთ, ამხილეთ… მაგრამ თავი არ მოიკლათ…
ბავშვებო, ყველაზე დიდო ადამიანებო!..”,-წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციას და მოსწავლეებს  შიდა ტერიტორიაზე დახვდათ წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!”, რის გამო სკოლამ შსს-ს  მიმართა.

აღნიშნულის შემდეგ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც “მწვანეს სკოლის” ყოფილი მოსწავლეა, გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვიდან სახლში მისულმა ლუკამ თვითმკველობა სცადა, იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გამოხდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის  მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საია-ს ინფორმაციით,  “მწვანე სკოლის” მოსწავლემ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 15 წლის მოზარდზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს შეუჩერდათ უფლებამოსილება.

“მწვანე სკოლის” მოსწავლეს  2 დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები იყვნენ ჩართული.

ლუკასთვის ჩატარებული ოპერაცია უშედეგო აღმოჩდა, ის გუშინ ღამით გარდაიცვალა.

თბილისის “მწვანე სკოლამ” სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

წარწერის გამო, შსს-სთვის  მიმართვას და გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ყველა რეგიონში გაჩნდა შენობებზე წარწერა – “ამ ცხოვრების დედაც!” .

ერთ-ერთი ასეთი წარწერა გაჩნდა “მწვანე სკოლის” კარებთან და მიმდებარე ტერიტორიასთან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად