მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუძლოდ გახდა

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მოვიდა, შეუძლოდ გახდა და ისე დატოვა შენობა, რომ მან დეპუტატებთან საუბარი ვერ მოახერხა.

შვილმოკლულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში კატეგორიულად მოითხოვა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პირველ საკითხად განეხილათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს შეისწავლის.

“თუ ბიუროს სხდომაზე არ შემიშვებენ, ძალით შევალ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის განსახილველ საკითხთა სიაში 67 -ე საკითხად არის ჩასმული. საკითხი პარლამენტის წინაშე ოპოზიციამ დააყენა.

“ამ წუთას ვდგავარ პარლამენტში და ამათ რომ იპარპაშონ თავიანთ ნებაზე, გამორიცხულია. ამ პარლამენტში იყო მოსული არაადამიანი, მხეცი გომელაური, ათასი ტყუილები ილაპარაკა და წავიდა. ამის გამო არ ვქმნით საგამოძიებო კომისიას? ჩვენ ვაიძულებთ ყველანი ერთად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისიამ და მთელმა საქართველომ უნდა გაიგოს, რაშია საქმე. უნდა გაიგოს, რატომ ვდგავარ უკვე 9 თვე ამ სისასტიკის ქვეშ და რას ვითხოვ. მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ვის ხელში ვართ და რა ხელისუფლება გვყავს სათავეში”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია, იმაში, რომ საპარლამენტო კომისიის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ხელისუფლება არ გახსნის.

“მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ თემირლანის საქმეს არ გახსნიან. საქმე როგორ გახსნან, საერთოდ არ არსებობს საქმე. მტკიცებულებას რომ იძახიან, არ არსებობს ეს მტკიცებულება და არც ყოფილა. ეს ყველაფერი მოხდა სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გადასაფარად. ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული. აქ არის ორი საკითხი: ან შეეშინდათ თემირლანის და რაღაც შეცდომა დაუშვეს, ან შეეშალათ ბინა. ეს განიხილება, როგორც საუკუნის დანაშაული. საქმე რომ 1% -ით რომ გაიხსნას, ესენი უნდა წავიდნენ.
ბავშვს თავის ქალა გაუგლიჯეს და გამოძიება კიდევ გაიძახის, ამის შემდეგ სცადა ხელყუმბარის გახსნაო. თემირლანი იმავე წამშია მოკლული. როცა ასე საუბრობენ ვიცი, რომ არაფერს გამოიძიებენ. რა მიზეზი ჰქონდათ, რისთვის მოვიდნენ. ვაპირებ სისტემა დავამხო თავზე, თუ მეც ტყვიას მარგუნებენ, როგორც თემირლანს, სხვები გააგრძელებენ საქმეს. სამყარო რომ დაიქცეს,ეს საქმე გაიხსნება და მთელი საქართველო გაიგებს, რაშია საქმე და ესენი წავლენ სახლში. ამას ველოდები და ამას გავაკეთებ” -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...