მაკრონი, ტრამპი და პუტინი, მთიანი ყარაბაღის ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა, ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა მთიან ყარაბაღში ბრძოლების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დოკუმენტი გამოქვეყნდა კრემლის ვებგვერდზე.

განცხადება შედგება სამი პუნქტისგან. პრეზიდენტებმა სამძიმარი გამოუცხადეს დაზარალებულებს, მოუწოდეს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლად დასრულებისკენ და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სთხოვეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

“ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, დაუყოვნებლივ, კეთილსინდისიერად და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლონ მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დახმარებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახური ასევე აცხადებს, რომ გუშინ მაკრონმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და მათ განიხილეს მთიანი ყარაბაღის სიტუაცია, სადაც 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა სრულმასშტაბიანი ბრძოლები მძიმე იარაღის გამოყენებით.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით. პუტინმა და მაკრონმა განიხილეს კონკრეტული პარამეტრები შემდგომი ურთიერთქმედებისათვის, პირველ რიგში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატში, – ნათქვამია მოხსენებაში.

რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გაეკეთებინათ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება (რომელშიც ასევე შეერთებული შტატებია) შეიარაღებული დაპირისპირების დაუყოვნებლად დასრულების სასარგებლოდ.

30 სექტემბერს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. “უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს გენერალური მდივნის მოწოდებას კონფლიქტის მხარეების მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, შეამცირონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს”, – თქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ აბდუ აბარიმ დახურული კონსულტაციების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად