მაიკ პომპეო: ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ვენესუელაში რეჟიმს შეცვლის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გლობალური მასშტაბით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს.

“ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც  ნიკოლას მადუროს გადადგომას განაპირობებს. ვენესუელელები შეძლებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვსაუბრობთ სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკის, ევროპის წარმომადგენლებთან – მთელს მსოფლიოში, რათა ამ შედეგს მივაღწიოთ”,-განაცხადა პომპეომ კოლუმბიურ ტელეარხ Caracol TV-თან ინტერვიუში.

როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, ვენესუელის რეჟიმის შეცვლისთვის შემუშავებული სტრატეგია “ფუნდამენტურად მუშაობს” და შეერთებული შტატები ამავე მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

“ჩვენ ადგილობრივებს გავაგებინეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მხარეს იყო…დღეს თითქმის ხუთმა ათეულმა ქვეყანამ აღიარა ხუან გუაიდო ვენესუელას ლეგიტიმურ ლიდერად, ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ”,-აღნიშნა პომპეომ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, “ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”, მაგრამ აშშ “პროექტზე მუშაობას აგრძელებს”.

”საბოლოო ჯამში, ჩვენ ახალი პრეზიდენტის ასარჩევად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთ, შემდეგ კი ვენესუელელ ხალხს უფრო ნათელი, უკეთესი და აყვავებული მომავალი ექნება”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, არის თუ არა შეერთებული შტატები მზად, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს, პომპეომ რეჟიმის ხელმძღვანელს ურჩია, “დიალოგი საკუთარ ხალხთან დაიწყოს, იმ ხალხთან, რომლებიც მათ გაანადგურეს”.

19 იანვარს, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ამერიკულ გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი დიალოგის დრო დადგა. მისივე თქმით, პირდაპირი მოლაპარაკება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყოს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად