მაიერი: სკოლების თვითშეფასების გაძლიერება განათლების რეფორმაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგები განიხილეს, მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა ჰარტმუტ მაიერმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისთვის თვითშეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შესაძლებელია განათლების ხარისხის მართვა. პროექტში მონაწილეობის შედეგად, 13- მა სკოლამ სამი წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგი მიიღო. მოხდა ამ სკოლებში როგორც შიდა სიტუაციის, სასწავლო პროცესის, ისე, განათლების ხარისხის გაუმჯობესება. თუკი ამ რეფორმის ფარგლებში თვითშეფასების დანერგვა სხვა სკოლებშიც მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ – განაცხადა მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა ჰარტმუტ მაიერმა.

„სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას. პროექტის პილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სკოლების თვითშეფასების ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც სკოლების აქტიური მონაწილეობით პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...