მაია ცქიტიშვილის EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის – ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობას. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისთვის ავტობუსების შეძენის საკითხი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სულ 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.

პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 17 მილიონი ევროა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

ამას გარდა, EBRD-ის დაფინანსებით, კურორტ ბაკურიანში მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. ესაა – თოვლის სატკეპნი მანქანები სათხილამურო ტრასებისთვის, ექსკავატორ-დამტვირთველები, თვითმცლელები, ავტობუსები, ნაგავშემკრები მანქანა და სხვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...