მაია ცქიტიშვილი: საქართველო თავს უფლებას აძლევს რეგულაციები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ევროპაშია

გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ქმედებებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შედეგად, ვირუსის გავრცელების ზრდას არ დავუშვებთ და დავასტაბილურებთ ვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით მწვანე ზონა 3%-მდე მაჩვენებლით განისაზღვრება, საქართველო კი ამ ეტაპზე თავს უფლებას აძლევს რეგულაციები არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ევროპაშია.

„როდესაც მივაღწევთ მწვანე სტატუსის მაჩვენებლებს, დამერწმუნეთ ყველას გვექნება საშუალება ისევ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ ვითარებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება რეგულარული ფრენების აღდგენას, ვიცე-პრემიერის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ პირველი თებერვლიდან პანდემიამდე არსებული ყველა რეისი და სიხშირე აღდგება.

„ბოლო კვლევებით, მსოფლიოში, დაახლოებით 63 -70%-ით არის შემცირებული ტურისტული ნაკადები. საქართველოს შემთხვევაში, ამას არა მხოლოდ ჩვენი, არამედ იმ ქვეყნების ეპიდემიოლოგიური ფონი განსაზღვრავს, საიდანაც ჩამოდის ტურისტი. შესაბამისად, დავინახავთ რეისების ეტაპობრივ მატებას, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. ზაფხულის და ზამთრის პერიოდებშიც ჩვენ გვქონდა ტრადიციული ბაზრები ბათუმისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს ბაზრები აღდგება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად