მაია ცქიტიშვილი: ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას

ნებისმიერი შეზღუდვა არის დისკომფორტი და ყოველი ასეთი ნაბიჯი ნაკარნახევია უკიდურესი აუცილებლობით, რათა შევძლოთ ვირუსის გავრცელების შენელება, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა

„ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმისათვის, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ ვითარებიდან, სწრაფად ავამოქმედოთ ეკონომიკა და სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ვითარებას. ამ დისკომფორტის გარკვეულწილად შესამცირებლად, გადავწყვიტეთ, რომ სოფლებში დილით და საღამოს მოქალაქეებს მივცეთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გასვლის უფლება. ამასთან, საკოორდინაციო ადგილობრივი შტაბები უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში მარაგების კონტროლს და მოქალაქეებისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას, თუნდაც იმ სოციალური სასურსათო პაკეტების სახით, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ათასამდე მოქალაქეს გადაეცა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, არაორდინალური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა ყველა გამოწვევაზე ოპერატიულად რეაგირებს.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არის პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებზე, სოციალურ-ეკონომიკური გეგმა კი არის მთავრობის პასუხისმგებლობის სფერო, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და რაც ნაწილობრივად უკვე შევთავაზეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს. ამ მიმართულებით ოპოზიცის მოწოდება არ გვჭირდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, კომუნალური გადასახადების ნაწილში დაწესებული შეღავათებით, 1 200 000 ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა, ისევე როგორც 670 000 ოჯახმა ისარგებლა ბუნებრივი აირის გადასახადის ნაწილში. ამას გარდა, შეღავათები შეეხო ჩვენს მცირე ბიზნესს და ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მეორე ეტაპს კი შევთავაზებთ კვირის ბოლომდე. თუ ზედმიწევნით შევასრულებთ შეზღუდვებს და გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციებს, შევძლებთ მალე გავხსნათ ეკონომიკა და ამით მნიშვნელოვნად შევამციროთ ზიანი,” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად