მაია ცქიტიშვილი: გაყიდვების 40% შაბათ-კვირაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია მობილობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერი იმაზე ისაუბრა თუ რატომ არ იმუშავებს მაღაზიები შაბათ-კვირას.

მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდვების 40% შაბათ-კვირაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია მობილობა, შესაბამისად ეს ზრდის კორონავირუსის გავრცელების რისკს.

“არგუმენტი არის მობილობის უფრო მაღალ დონეზე შაბათ-კვირას. მოდით, დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას, კვირის დღეების განმავლობაში ადამიანები სამსახურში არიან, მაღაზიებში სიარულის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ დღის განმავლობაში მაშინ, როდესაც შაბათ-კვირას ხდება ამ დღის გამოყენება არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის შესაძენად, არამედ დროის გასატარებლად, საშოპინგოდ.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მათი გაყიდვების 40% უშუალოდ შაბათ-კვირაზე მოდის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ინტერესია, რომ სწორედ შაბათ-კვირას იყოს გახსნილი მაღაზიები, კვების ობიექტები, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ 40%, ნახევარზე ოდნავ ნაკლები მყიდველების კონცენტრაცია სწორედ ამ ორ დღეზე მოდის, ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას გაზრდილია მობილობა. სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ მუდმივად ვიცხოვროთ შეზღუდვებს პირობებში, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, სიტყვა “ეტაპობრივს” უნდა მივაქციოთ ყურადღება. სწორედ ეს ეტაპობრიობა არის მათ შორის იმაშიც, რომ ჩვენ, ჯერჯერობით, უნდა ვიცხოვროთ იმ პირობებში, რო სამუშაო საათები იყოს შეზღუდული, ერთდროულად არ მოხდეს ძალიან ბევრი ადამიანის კონცენტრირება, სავაჭრო ქსელები იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა ობიექტში. დღეს გვქონდა საუბარი იმაზეც, რომ ნაკადების მართვა უნდა მოხდეს მაღაზიების მიერ,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად