მაია ცქიტიშვილი: გახარია თავიდანვე იღებდა სრულ პასუხისმგებლობას შსს-ს ქმედებებზე

,,გიორგი გახარიას მხრიდან, არცერთხელ არ ყოფილა მინიშნება იმის თაობაზე, რომ მას არ გაუცია ბრძანება, ის თავიდანვე იღებდა სრულ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ ქმედებებზე,, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისის ღამის მოვლენების შეფასებისას. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისევ ხდება იმის წარმოჩენა, რომ თითქოს იყო მშვიდობიანი აქციის დარბევა, იმ დროს როდესაც, ეს იყო პარლამენტზე შტურმის მოგერიებისთვის აუცილებელი მოქმედებები კანონის დასაცავად.

,,დღეს სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც შტურმი მიჰქონდათ პარლამენტზე და კონსტიტუციაზე ისმის მოწოდება გახარიას გადადგომის მოთხოვნით,, -აღნიშნა ვიცე- პრემიერმა.

,,ჩვენ ყველანი მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით იმ პროცესებს. ვხედავდით, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივში. გვესმოდა თუ რა მოწოდებები, რა განცხადებები ვრცელდებოდა და როგორ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ. გაფრთხილება არაერთხელ იყო, წყლის ჭავლის გამოყენების პროცესში ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა, იყო არაერთი მოწოდება მთელი დღის განმავლობაში, რომელიც ვრცელდებოდა სახელისუფლებო ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არის სწორი ფორმულირება, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა რომ გავრილოვი ოპოზიციამ შემოიყვანა ქვეყანაში. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია რომ გავრილოვი ჩამოვიდა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და გიორგი გახარიამ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ახსნა, რომ მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრილოვი შემოუშვა ქვეყანაში, ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ხოლო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, იქნა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...