მაია ცქიტიშვილი: საქართველო ღვინის აკვანია, სადაც ბიზნესის კეთება რენტაბელურთან ერთად, სასიამოვნოცაა

საქართველომ საქმით და მრავალი მიღწეული წარმატებით უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა საუკეთესო მასპინძელი გახდეს ინვესტორებისთვის და როგორ შეიძლება მთავრობამ და ქვეყანამ შეცვალოს პოლიტიკა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე – “ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, და საგადასახადო ტვირთის სიმცირის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს.

“ჩვენ ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა გაგვაჩნია. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით. ჯამში 6 გადასახადი გვაქვს, ხოლო რეინვესტირებული მოგების გადასახადის განაკვეთი ნულოვანია. ძალიან მარტივი მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს საბაჟო სისტემაში. გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკა. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაკავშირებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ინდოეთთან მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს. საქართველოში თქვენი ბიზნესის წამოწყებით წვდომა გექნებათ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზარზე. საქართველო რეგიონში ქვეყნების დამაკავშირებელი ხიდს წარმოადგენს, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას ემსახურება. ინვესტორებს საქართველო ძალიან ცოცხალ გარემოს სთავაზობს, რადგან კავშირებს თავისი ბიზნესშესაძლებლობები ახლავს თან. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, საქართველოში ბიზნესის კეთება არა მარტო რენტაბელური და პროგნოზირებადია, არამედ სასიამოვნოც არის”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონის ენერგეტიკულ ცენტრად, ბიზნესისა ან ფინანსური სერვისების ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე.

“როდესაც ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოს გთავაზობთ, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ვეხმარებით გაძლიერებაში, ხოლო თქვენს ბიზნესს – სხვა ქვეყნებთან წვდომაში. საქართველოში ბიზნესის კეთება და ინვესტირება ნიშნავს იმ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებას, სადაც ევროპა ხვდება აზიას, სადაც წვდომა შეგიძლიათ გქონდეთ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებთან და ბიზნესი აწარმოოთ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არ გახლავთ ახლახან გაკეთებული არჩევანი. ის საუკუნეებს ითვლის. მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ყველა ქმედება და პოლიტიკა აქცენტირებულია ევროპაში სრულფასოვანი დაბრუნებისკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოუთმენლად გელით საქართველოში ინვესტორების, სტუმრებისა და მეგობრების რანგში”,- მიმართა ვიცე-პრემიერმა ფორუმის მონაწილე ინვესტორებს.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში, EBRD – ის შტაბ-ბინაში იმართება. საინვესტიციო სამიტი, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები და მეწარმეები ესწრებიან, EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად