მაია და გუკა რჩეულიშვილებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით  დაკავებულ "ცენტრ პოინტი აჭარა"-ს თანამშრომლებს  სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს,  მაია რჩეულიშვილს  და გუკა რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალურად სალომე ჩარკვიანს, ირაკლი მინდელს, მაია რჩეულიშვილს და გურამ (გუკა) რჩეულიშვილ ბრალი ედებათ:

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“. პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ მიმართა „ცენტრ პოინტ ჯგუფს“, ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით. 


შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“- ს ფილიალის შპს „ცენტრ პოინტი აჭარა“ დირექტორებს წარმოადგენდნენ: 2004 წლის 23 ივლისიდან – 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანი, ხოლო 2006 წლის 28 ნოემბრიდან – ირაკლი მინდელი.

დირექტორები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“- ს დამფუძნებელ პარტნიორთან მაია რჩეულიშვილთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან და მოქმედებდნენ მათი მითითებით.

შპს „ცენტრ პოინტ აჭარა“- ს ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“.

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ -ს მიერ გაწეული სარეკლამო კამპანიით 2005 წლის 2 მაისიდან – 2010 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში მოქალაქეებისგან მოზიდულ იქნა ფულადი სახსრები 64 219 606 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები უნდა მიმართულიყო მშენებლობისთვის, 2004 წლის 23 ივლისიდან – 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანმა სალაროდან, მენაშენეთა მიერ შეტანილი თანხა 3 756 017.41 ლარის ოდენობით არამიზნობრივად გაფლანგა და თანხა არ მოხმარდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფილიალის დირექტორად ირაკლი მინდელის დანიშვნის შემდეგ, მან 2006 წლის 28 ნოემბრიდან – 2010 წლის ოქტომბრამდე პერიოდში არამიზნობრივად გაფლანგა შპს „ცენტრ პოინტ აჭარას“-ს მენაშენეთა მიერ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის შეტანილი თანხა 15 984 828.9 ლარის ოდენობით.

ამდენად, ერთობლიობაში მაია რჩეულიშვილმა ირაკლი მინდელთან და სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

გარდა ამისა, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან – 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ცენტრ პოინტ აჭარამ“ არ უზრუნველყო ობიექტების მშენებლობა პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩაზე, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები საცხოვრებელი კომპლექსის „თეთრი მაგნოლიის“ მენაშენეების მიმართ, რის გამოც მოქალაქეებმა განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს’, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...