მაია ასათიანი: ეს არ არის ბრძოლა ”რუსთავი 2”-ისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის

“ეს არ არის ბრძოლა ”რუსთავი 2”-ისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის”,- ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური საგანგებო მიმართვისას განაცხადა. მისი შეფასებით, “რუსთავი 2” ბრძოლამ გამოაწრთო და გააძლიერა.

“ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის. ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ “რუსთავი 2”-ისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის იმიტომ, რომ დღეს, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი, ვიქნებით თუ არა ტოტალიტარული სახელმწიფო.

ყველა ტელევიზია, ყველა ტელევიზია, ყველა გაზეთი ერთ ენაზე ილაპარაკებს, თუ კიდევ გვაქვს შანსი, ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასეთი ტოტალიტარული რეჟიმი არის რუსეთში. იქ ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი ერთი ხმით საუბრობს, ვლადიმერ პუტინის ხმით. ჩვენ არ გვნდა ასეთი ქვეყანა იმიტომ, რომ მე, ჩემი კოლეგები, ის ადამაინური რესურსი, რაც “რუსთავი 2”-ს წარმოადგენს, ამ ფასეულობების მხარეს ვდგავართ. ამისთვის წლების მანძილზე ვიბრძოდით.

თუ თითოეულ თქვენგანს ახლა სურვილი აქვს, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა, უნდა თავისუფალი საქართველო, თუ უნდა საბჭოთა რესპუბლიკა, თქვენ უნდა უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას- რა გინდათ თქვენი შვილებისთვის?! იმიტომ, რომ ჩვენ ვართ 9 აპრილის თაობა ვართ. გვახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთები “თბილისი” და “კომუნისტი”.

ახლაც ასე იქნება, თქვენ უნდა დაუსვათ მთავარი შეკითხვა თქვენს თავს. რა გინდათ? როგორ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება. ეს არ არის ბრძოლა რუსთავი 2-ისთვის. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლეთ, რადგან ამ არხზე იციან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და “რუსთავი 2″ ბრძოლამ გამოაწრთო და გააძლიერა”,-განაცხადა მაია ასათიანმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად