მაღრაძე მელიას: მისამართი ნამდვილად შეგეშალათ, ბატონო ნიკანორ!

“ქართული ოცნების” დეპუტატი გუგული მაღრაძე “ნაციონალური მოძრაობის” ნიკა მელიას ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერმა ის გამოუცდელ პოლიტიკოსად მოიხსენია.

როგორც გუგული მაღრაძე სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ “ბულინგია ატეხილი”.

“მინდა გამოვეხმაურო ამ ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ ატეხილ ბულინგსა და მრავალ შეურაცმყოფელ გამოთქმას. ამჯერად ნიკანორ მელიას მინდა ვუპასუხო, განსაკუთრებით, რადგან დღეს ახსენა, რომ თითქოს გამოუცდელი პოლიტიკოსია გუგული მაღრაძე.

ნიკანორი ახალგაზრდაა და მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკოსობას ჩემობს, არ სცოდნია საქართველოში როგორ მიმდინარეობდა პოლიტიკური პროცესები.

იძულებული ვხდები ჩამოვთვალო ზოგიერთი მომენტები: 80 იან წლებში პირველი საერთო სახალხო მოძრაობა სახალხო ფრონტის სახით რომ არსებობდა, მე გახლდით სახალხო ფრონტის პირველი ყრილობის დელეგატი, რაც რბილად რომ ვთქვათ არ იყო უსაფრთხო გაგანია კომუნიზმის ზეობისას. 9 აპრილის რიგითი მონაწილე მეც ვიყავი და უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული იმ პროტესტში, რაც მაშინდელ ცეკას მდივნებს შევარდნაძეს და რაზუმოვსკის მოვუწყვეთ თსუ-ში.

პოლიტიკაში უშუალოდ ჩავერთვე იმ პროტესტის გამო, რაც გამოიწვია ჩემში პირველი პრეზიდენტის ძალადობრივმა განდევნამ და შევუერთდი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს, რომელიც ერთადერთი ლეგალურად მომქმედი ოპოზიციური პარტია იყო იმ დროს. ვიყავი პრეს სამსახურის ხელმძღვანელი და ვუშვებდით იმ დროს ერთადერთ ოპოზიციური გაზეთს „ქართველი ერი“. ვმონაწილეობდი 1995 წლის არჩევნებში, სადაც აშკარად მივხვდი, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში საქართველოში ქალი დამოუკიდებლად (ქმრის, ძმის , პარტიის და ა.შ ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე) კარგა ხანს ვერ გაიმარჯვებდა და განსხვავებით მელიას ახლანდელი კომპანიონებისაგან, რომლებიც მთელი 20 წელი გააფრთებით იცავდნენ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის აუცილებლობას, მე უკვე იმ დროდან პროპორციული არჩევნების მომხრე ვიყავი და ვარ. “ტრადიციონალისტებისგან” წამოვედი 1999 წელს, როცა ისინი შეუერთდნენ აბაშიძის ბლოკს. შემდგომ წლებში მთელ ჩემ დროს და ენერგიას ვახმარდი სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. გავიმარჯვე რამდენიმე ამერიკულ პროგრამაში, მათ შორის ძალზე პრესტიჟულ ფულბრაიტის პროგრამაში, და მომეცა შანსი მეცხოვრა აშშ-ში და მემუშავა რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავაფუძნეთ აშშ პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია და ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ.

2004 წელს სააკაშვილის პირადი რეკომენდაციით გავხდი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაგრამ უპარტიო. პირველ ხანებში მქონდა ენთუზიაზმი, რომ კარგ საქმეებს ვაკეთებდი, შემდეგ ეს რწმენა შემერყა და 2007 წლის საპროტესტო აქციების ფონზე დავტოვე საპარლამენტო უმრავლესობა, რაც ასევე არ იყო იოლი ნაცმოძრაობის ზეობის პერიოდში.

2008 წლის მარტიდან ჩამოვაყალიბეთ ქალთა პარტია და 2008 წლის მაისშივე ჩატარებულ არჩევნებზე ოჯახის დანაზოგი 12000 ლარის დახარჯვით მივიღეთ ხმები 1 პროცენტამდე, რაც 3 თვის შექმნილი პარტიისთვის არ იყო ურიგო შედეგი. 6 წელი ვიყავი ოპოზიციაში და ვმონაწილეობდი ყველა საპროტესტო აქციებში, გამოვდიოდი ნაცმოძრაობის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, მაგრამ განსხვავებით ნიკასგან და მისი კომპანიონებისგან, არასდროს არ მიკადრებია პიროვნულ თვისებებზე დაცინვა, მე ვაკრიტიკებდი ნაცების მოქმედებებს, რაც მიმართული იყო არა თუ დემოკრატიის ,არამედ ელემენტარული ადამიანური მორალის წინააღმდეგ.
როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში და მიმიწვია მისი პარტიის დამფუძნებლად, მე სრულიად სწორად ჩავთვალე, რომ ნაცების რეჟიმის დასამარცხებლად გაერთიანება იყო საჭირო და კიდევაც მოვიგეთ არჩევნები და ქვეყანა გადავარჩინეთ უმძიმესი მომავლისგან.

საქართველოს პარლამენტში 2012-2016 წლებში აქტიურად ვმუშაობდი. ჩემი ინიცირებული პაკეტი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იყო ძალიან აქტუალური. მეამაყება რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ღია მმართველობის საპარლამენტო პროგრამა დაწყებული იქნა ღია მმართველობის საბჭოს მიერ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ნაყოფიერად ვმუშაობდი 4 წელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც 30 ზე მეტი საჯარო გამოსვლა მაქვს პლენარულ სხდომებზე, 2016 წელს დელეგაციის ახალ წევრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩემი მუშაობის მაღალი შეფასება დახვდათ.

2016-2020 წლის პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონი მიჩნეულია საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთა შორის ერთერთი საუკეთესოდ. წინააღმდეგობა იყო დიდი თამბაქოს ინდუსტრიის და მათი მფარველების მხრიდან, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ კანონის მიღება და მინდა მადლობა ვუთხრა მხურვალე მხარდაჭერისთვის აკაკი ზოიძეს, რომელიც ასევე უდიერად მოიხსენია ნიკანორმა.

ნიკანორს ვურჩევდი წაეკითხა ჩემი საგაზეთო წერილები და ჩემს მიერ დაწერილი წიგნები, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერებების სფეროდანაა და ის რომ მე პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტი დირექტორი ვარ, ვფიქრობ გარკვეულ ცოდნას მაძლევს პოლიტიკურ პროცესებში გარკვევისათვისაც. ასე რომ მისამართი ნამდვილად შეგეშალათ, ბატონო ნიკანორ”-წერს გუგული მაღრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად